საკანონმდებლო ორგანოში პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აფასებს და ამბობს, რომ არალეგიტიმური პარლამენტისაგან მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის მთავრობის დამტკიცება, ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კრიზისს აჩენს.
კაპანაძე დარწმუნებულია, რომ მთავრობა ქვეყნის წინაშე არსებულ კრიზისებს ვერ გაუმკლავდება, რადგან „ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მთავრობის გუნდში არანაირი ცვლილება არ არის“.
„ერთპარტიული პარლამენტის არსებობა, პარლამენტის, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად შეიქმნა, პარლამენტის, რომლის ლეგიტიმურობასაც არ ცნობს ოპოზიცია და არცერთი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს ამ შედეგებს, ასეთი პარლამენტისაგან მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის რა თქმა უნდა, მთავრობის დამტკიცება, ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კრიზისს აჩენს. სწორედ ამიტომაა, რომ ახალი არჩევნები გვსურს, რომ ეს პრობლემები ჩამოვიშოროთ, ლეგიტიმურობის კრიზისი აღარ იყოს და ქვეყანამ ნორმალური ფუნქციონირება გააგრძელოს. ამიტომ, ეს მთავრობა ვერანაირ კრიზისს ვერ დაძლევს და ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მარტო იმიტომ კი არა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნება მანდატი მიცემული, არამედ გამოჩნდა, რომ არც ხედვაში, არც კონკრეტულ ადამიანებში არანაირი ცვლილება არ არის ივანიშვილის მხრიდან, ის იგივე პოლიტიკას გააგრძელებს იგივე ადამიანების მეშვეობით“, – განაცხადა კაპანაძემ.
სერგი კაპანაძის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, პარლამენტში ოპოზიციის არშესვლა პრობლემას არ ქმნის ახალი მთავრობის არჩევისას. მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად, მხოლოდ, 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.
რატომ დასახელდა მთავრობა ძველი შემადგენლობით: გახარია 2 მიზეზს ასახელებს