„ჩვენი მიზანია, მოსავალი სრულად დაბინავდეს და მევენახეებმა ყურძნის რეალიზაცია შეუფერხებლად შეძლონ, ხოლო ღვინის ინდუსტრიამ სტაბილური განვითარება გააგრძელოს“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2024-ის ფარგლებში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ჩამბარებელ მევენახეს არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 0.20 ლარს.
მინისტრის ინფორმაციით, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას აღწევს.
„ჩვენ 10 წელზე მეტია აქტიურად ვეხმარებით მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას და არაერთ პროგრამას ვახორციელებთ ამ მიმართულებით. ამ პერიოდში 5-ჯერ არის გაზრდილი გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა და 4-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი. 2023 წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტმა 455 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 43-დან 66-მდეა გაზრდილი საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია. ბოლო წლებში, მევენახეები ყოველწლიურად 300 მლნ ლარამდე შემოსავალს იღებენ ყურძნის რეალიზაციიდან და ვფიქრობთ, რომ წელს ეს შემოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არის სახელმწიფოს და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობის და ჩვენი მხრიდან მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების შედეგი“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.