განაჩენი გამოტანილია – უვადო პატიმრობა, ამას ელოდება მთელი საქართველო, – ამის შესახებ გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ბაბუამ, ხვიჩა ბერიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
ის არ გამორიცხავს, ბრალდებული იაგო ნებიერიძე საქმის გაჭიანურების მიზნით არ ცხადდებოდეს სასამართლოში.
„ავად არის? კვდება თუ რა ხდება? თუ მოკვდება, მოკვდეს, თუ არადა, გამოუშვან! საქმე ბოლომდე მიყვანილია, როგორც 6 საათში იპოვეს ეს, ასეა საქმეც ბოლომდე მიყვანილი. ჩემი აზრით, ორი-სამი პროცესი, მეტი რა უნდა, რას დაგვარბენინებენ? რას გვიღვიძებენ კიდევ და კიდევ ყველა წამს? მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ, თქვენს შვილებს უნდა,” -განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა.
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.