რამდენიმე წუთის წინ მდინარე მტკვარში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცი “ბაუჰაუსის” დაკარგული მეორე თანამშრომელია. ინფორმაციას შსს ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხულია აღნიშნული ბარის თანამშრომლები, მეგობრები და ოჯახის წევრები. შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბარ “ბაუჰაუს”-დან გაუჩინარებული გოგონას ცხედარი დღეს, მამაკაცის ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათის წინ ასევე მდინარე მტკვარში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები” – წერია შსს-ს განცხადებაში.
მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი “ბაუჰაუსის” დაკარგული თანამშრომელია
შეგახსენებთ, რომ ბარ “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს 3 დღეა ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარში დღეს დილით დაიწყო. ორივე ცხედარი ბარის მიმდებარეე მდინარე მტკვარში იპოვეს.