შსს-მ დაადასტურა, რომ მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა გოგონას ცხედარი “ბაუჰაუს“-ის დაკარგულ თანამშრომელს ეკუთვნის. უწყებამ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა. აქვე ნათქვამია, რომ გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე. შსს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.
საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომლები რამდენიმე დღეა დაკარგულები არიან. მათი გაუჩინარების საქმეზე შსს-ში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.