LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვარზე გადასასვლელები რომ გაეკეთებინათ, საცობები არ გვექნებოდა – ზურაბ ჭიაბერაშვილი

100

“თბილისში მთავარი პრობლემა, მე მაინც ვიტყოდი, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შეუზღუდავი მშენებლობებია”,-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო “ფორტუნას” საინფორმაციო სამსახურთან თბილისის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

“მე ვერ ვხედავ, როგორ უნდა მოგვარდეს საგზაო ინფრასტრუქტურა ქალაქში, თუ არ მოხდება რკინიგზის გადატანა, რაც “ქართულმა ოცნებამ” 2013 წელს გააჩერა. დღეს რომ რკინიგზა იყოს გადატანილი და განვითარებულიყო ნარმანიას მერობის პირობებში გრძივი, განივი გადასასვლელები მტკვარზე, რომ არ ყოფილიყო კორუფცია და ფულის ჭამა, ამის რესურსი არსებობდა და დღეს საცობების პრობლემა არ გვექნებოდა”,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თბილისის ყოფილი მერის თქმით, ბოლო წლებში გაცილებით მეტი სამშენებლო ნებართვაა გაცემული, ვიდრე იმ პერიოდში, როცა ისინი იყვნენ ქალაქის მმართველობაში.

მან კონკრეტულ შემთხვევაზეც ისაუბრა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, ნუცუბიძის ქუჩაზე მშენებლობასთან დაკავშირებით, კახა კალაძის პირადი ინტერესი იკვეთებოდა.

“ეს ადგილი მან არქი ჯგუფს გადაულოცა, რომ იქ მრავალსართულიანი კორპუსი აშენდეს და ამისთვის მერიამ კოეფიციენტი გაზრდა. ეს ერთი მაგალითია და მომდევნო წლებში ვნახავთ, რამხელა პრობლემები შეიქმნება თბილისის ცენტრში ამ კუთხით”,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისის მერი იყო 2012-დან 2013-წლამდე.

მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება ე.წ. თბილისის სამკუთხედი, რომელიც თბილისელთა ერთმა ნაწილმა “ჭიაბერაშვილის სამკუთხედად” მონათლა.

საუბარია ვარაზისხევის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებისგან შემდგარ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა ნებადართული.

სიახლის დანერგვიდან ნახევარი წლის თავზე გაირკვა, რომ „ჭიაბერაშვილის სამკუთხედმა“ თბილისელთა იმედები არ გაამართლა. მძღოლები გზის დაგრძელების, მოსახლეობა ხმაურის, ხოლო ეკოლოგები ჰაერის დაბინძურების გამო ჩიოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g