მტრის წისქვილზე ასხამს წყალს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ჯარში სისტემური პრობლემებია.
მისი თქმით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად ბევრი ადამიანი საქართველოს მტრების ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი ხდება. ამის შესახებ გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ “კრწანისში“ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მტრის წისქვილზე ასხამს წყალს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია. სამწუხაროა ის, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ბევრი ადამიანი ხდება საქართველოს მტრების ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი. ეს არის სამწუხარო ფაქტი, როდესაც საქართველოს ძალები აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო მისიებში და თავისი მაღალი დისციპლინით გააქვთ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ. დისციპლინის საკითხი არ არსებობს არსად უნივერსალური. ყველაგან არის გამოწვევა და ამ გამოწვევებს სჭირდება მყისიერი რეაგირება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ყოველთვის,” – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.