LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მულტიდისციპლინური მიდგომით პირველივე ვიზიტზე გამოიკვეთება ის რისკფაქტორები, რომელთა დაძლევაში ჩვენ დავეხმარებით, ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯია სასურველ შედეგამდე” – რა უნდა ვიცოდეთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე | მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ნანა ჯანელიძე გადაცემაში „პულსი“

688
ნანა-ჯანელიძე

14 ივნისს, რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ნანა ჯანელიძე სტუმრობდა, რომელმაც რეპროდუქციულ ჯანმრთელობისა და ამ კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქალბატონო ნანა, საიდან იწყება ჯანმრთელობაზე ზრუნვა და როგორ ფიქრობთ, რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე?

ზოგადად, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩანასახიდან იწყება, ხოლო ჩანასახზე თავად მშობელი იწყებს ზრუნვას. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი პაციენტებზე ზრუნვას სწორედ ამ ეტაპიდან იწყებს, მშობელზე ზრუნვა კი შეიძლება ორსულობის დაგეგმარების პროცესში დავიწყოთ.

მუშაობის 15 წლიანი გამოცდილებით, შემიძლია ვთქვა, რომ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონე შედარებით, მომატებულია, მომართვიანობა გაზრდილია. არის შემთხვევები, როდესაც სრულიად ჯანმრთელ წყვილს აქვს სურვილი თავი დაიზღვიოს გარკვეული რისკებისგან, რათა ჯანმრთელი ახალშობილის დაბადება უზრუნველვყოთ. არიან პაციენტები, რომლებიც უშუალოდ ორსულობის მეთვალყურეობის მიზნით მოგვმართავენ, ამ დროს, მათ შესაბამის საინფორმაციო კონსულტირებას ვუწევთ. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც უნაყოფობის პრობლემის გამო ორსულობა ვერ დგება.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მრავლისმომცველია პირველი ვიზიტი, რა დროსაც განვიხილავთ ჯანმრთელობის სტატუსს, ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას,ვაფასებთ გარე-ფაქტორებს, მავნე-ჩვევებსა და სხვადასხვა დარღვევებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური ჯგუფი ერთვება და პაციენტებს შესაბამის დახმარებას ვუწევთ.

რას ნიშნავს მულტიდისციპლინური მიდგომა, რა პროფილის ექიმებისგან შედგება მულტიდისციპლინური გუნდი და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა?

მულტიდისციპლინური მიდგომით პაციენტისთვის უსაფრთხო გარემო იქმნება, კერძოდ, პაციენტი დაზღვეულია იმ რისკებისგან, რაც არასწორ ჩარევებთან არის დაკავშირებული. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში გარდა ანტენატალური და პერინატალური მეთვალყურეობისა, გვაქვს რეპროდუქციული მედიცინის – გინეკოლოგიის მიმართულება, როგორც ამბულატორიული ისე სტაციონარიზებული პაციენტებისათვის, ქირურგიული გინეკოლოგია, ონკო-გინეკოლოგია, ონკოლოგია, უროლოგია, მამოლოგია, ონკომამოლოგია, აბსოლუტურად, სრულყოფილი დიაგნოსტიკა და სამშობიარო სახლი. ამრიგად, პაციენტს ერთ სივრცეში შეუძლია შესაბამისი მკურნალობის მიღება.

მულტიდისციპლინური მიდგომისას ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია ფსიქოლოგი, რომელიც საჭიროებისამებრ ერთვება პაციენტის მხარდაჭერისა თუ მკურნალობის პროცესში.

პაციენტებს ხშირად ავიწყდებათ, რომ მხოლოდ მედიკამენტებით ჩარევა საკმარისი არ არის და რომ მას აქვს მთელი რიგი სხვა საჭიროებები. რატომ უკავშირდება ასე მჭიდროდ რეპროდუქტოლოგების პრობლემები ფსიქოლოგიურ და ხშირად სოციალურ პრობლემატიკას?

ფსიქო-სოციალური სტატუსის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველადი ვიზიტის დროს პაციენტის დეტალურ ანამნეზს ვაგროვებთ. უნაყოფო წყვილი უმეტეს შემთხვევაში, აუცილებლად საჭიროებს ფსიქოლოგის კონსულტირებას, ყალიბდება ე.წ რეპროდუქციული გეგმა და ისინი ამ ხანგრძლივ გზას ექიმებთან ერთად გადიან.

ფსიქოლოგი განსაზღვრას წყვილის ფსიქო-სოციალურ სტატუსს, რამდენად მზაობაში არიან, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ორსულობის დაგეგმარების პროცესში.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ექიმი გარკვეულწილად ფსიქოლოგიც უნდა იყოს. რამდენად აქტუალურია, დღეს, 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, ექიმისა და პაციენტის უშუალო კომუნიკაცია?

მიუხედავად იმისა, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის განვითარების ეტაპზე მუდმივად ვხვდებით ტექნოლოგიური სიახლეებს, დღემდე მსოფლიო მასშტაბით, ყურადღება გამახვილებულია კონსულტირების ფორმაზე და ამას ვერანაირი ტექნოლოგიური სიახლე ვერ ჩაანაცვლებს.

პირველივე კონსულტაციაზე, პაციენტმა სწორედ მეან-გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის მიერ უნდა მიიღოს ნაწილობრივ მაინც, ფსიქოლოგიური სერვისი და რა თქმა უნდა, შემდგომ ეტაპზე შეიძლება ჩაერთოს უშუალოდ ფსიქოლოგი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პაციენტთან ურთიერთობისას ინდივიდუალური მიდგომა არ დავკარგოთ და შევინარჩუნოთ ნდობა, რომელიც ეფექტური მკურნალობის აუცილებელი წინაპირობაა. სწორედ ეს არის ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის პრიორიტეტი.

ჩვენთან მაქსიმალურად შემცირებულია პაციენტის ლოდინის რეჟიმი, სპეციალური დეპარტამენტი ვიზიტს ნიშნავს იმგვარად, რომ ექიმს შეუძლია სათანადო ყურადღება დაუთმოს პაციენტს.

რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის?

მავნე ჩვევა, არააქტიური ფიზიკური ცხოვრება, სტრესი – ეს ის გარემო ფაქტორებია, რომლებიც გავლენას ახდნენ ჩვენს ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა ექიმთან ვიზიტი ერთდროულად განახორციელონ.

მულტიდისციპლინური მიდგომით, პირველი კონსულტაციის შემდეგ გამოიკვეთება ის რისკ-ფაქტორები, რომელთა დაძლევაში ჩვენ დავეხმარებით. ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯია სასურველ შედეგამდე.

magti 5g