LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 3 ოქტომბერს ბორის ბერეზოვსკის კონცერტით გაიხსნება

128

3 ოქტომბერს, თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე მსმენელის წინაშე მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი, ბორის ბერეზოვსკი წარდგება. თელავის დრამატული თეატრის სცენაზე იგი შეასრულებს მეტნერის, სკრიაბინის, შოპენისა და გრიგის ნაწარმოებებს.

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 3-13 ოქტომბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ტრადიციულად, თელავში ჩატარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.

ფესტივალის განრიგში 10 კონცერტია, რომელთაგან 6 თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ერთი – ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, ერთი კი, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოეწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზე, კიდევ, ორი კონცერტია დაგეგმილი.

მსმენელის წინაშე წარდგებიან სხვადასხვა თაობის ბრწყინვალე პიანისტები: ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი ქართველი მუსიკოსი ელისო ვირსალაძე; ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი ბორის ბერეზოვსკი; ცნობილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია; 2017 წლის არტურ რუბინშტეინის პიანისტთა კონკურსის II პრემიის ლაურეატი და მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი დანიელ ჩობანუ; ვუნდერკინდად აღიარებული 14 წლის მევიოლინე მატვეი ბლუმინი; ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები – ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ალექსანდრ რამი და ბრუნო ფილიპი; საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით, ასევე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“, რომელიც თავისი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტს გამართავს.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში, „ალტერ ორკესტრის“ მონაწილეობითა და მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით, დაგეგმილია კონცერტი წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის – „ნიჭიერთა ათწლედის“  მოსწავლეთა კონცერტს, კი უმასპინძლებს თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი. აღნიშნულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის წინანდლის პარკის ტერიტორიაზე ლექცია-კონცერტს გამართავს სიმებიანი კვარტეტი „იბერი“.

წელს, ფესტივალზე საგანმანათლებლო კომპონენტი მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი. კონცერტების პარალელურად, როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ მუსიკოსები: ელისო ვირსალაძე, ხათუნა კოკოჩაშვილი (ფორტეპიანო), დენის ტაჰბერერი (ვიოლინო) და პირველად ფესტივალზე ტარდება მასტერკლასები ვოკალის სპეციალობაში – სებასტიან შვარცი (ვოკალი) და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის – დავით ჯაფარიძე. ღია გაკვეთილები გაიმართება თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში და მათზე დასწრება თავისუფალია.

ელისო ვირსალაძის მიერ, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი 2010  წელს  განახლდა  და  მას  შემდეგ, ყოველწლიურად იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებს მასპინძლობს.

ფესტივალის წარმომდგენი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალის ორგანიზატორი: სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.

მხარდამჭერები: პროექტი „Check in Georgia”, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, სასტუმრო „ალაზნის ველი“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „კულტურა +“, რადიო ერთი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, საინფორმაციო სააგენტო GHN, სარეკლამო კომპანია “ALMA – ალმა”, გაზეთი Georgia Today და ტელეკომპანია ARTAREA.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g