LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით: ირაკლი კობახიძე

77
ირაკლი-კობახიძე-2

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია პრინციპების დაცვით,  კონსტრუქციული მიდგომისთვის მზადაა. ეს განცხადება პარტიის წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ წევრებთან, პარლამენტის დეპუტატებთან – კახა კუჭავასა და ირაკლი ჩიქოვანთან ერთად იმყოფება.

„ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმისათვის რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ეს არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც ბუნებრივია, მზად ვართ, გამოვავლინოთ აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებს არჩევნებისა და სისხლის სამართლის საქმეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა. ეს რჩევები არის ძალიან საინტერესო და ბუნებრივია, დაგვეხმარება იმაში, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომელიც  საქართველოში პოლიტიკური პროცესების სათანადოდ განვითარებას უკავშირდება,“ – აღნიშნა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

ამასთან, კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლების მყარი პარტნიორი და მხარდამჭერია. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა იმ შეხვედრებზე, რომლებიც პარტნიორებთან დღემდე გაიმართა. დეპუტატის განცხადებით, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობა არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში მთლიანობაში პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება.

“აშშ არის ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც არის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება ჩვენ სასიცოცხლო ინტერესებშია“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ვიზიტის ბოლოს ქართული მხარე ყველა შეხვედრას შეაჯამებს და კონკრეტულ დასკვნებს გამოიტანს.

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას შეხვდნენ: სენატორ ჯეიმს რიშს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს და თეთრი სახლის წარმომადგენელს, კრის სმიტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები