„მზია ამაღლობელი გმირია ჩემს თვალში, ასეთ ქალებზე დგას საქართველო“, – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ „შენი დილას“ ეთერში განაცხადა.
„არ შემიძლია, გუშინდელ დღესთან დაკავშირებით ჩემი აზრი არ გამოვთქვა. ახალი პრინციპში არაფერი მომხდარა, მაგრამ ყველა აღნიშნავს, რომ ასეთი სისასტიკე მანამდე არ ყოფილა. სადამდე მიდიან და რას გვიპირებენ, მართლა აღარ ვიცი, მაგრამ მათზე საუბარი, ვინც ეს ჩაიდინა, არ მაქვს. იმიტომ რომ ჩემთვის უბრალოდ მათ სახელი არ აქვთ. მათ მხარდამჭერებს მინდა ვკითხო, დავიჯერო, ჩვენ ვცდებით? ის კადრები თუ ნახეს, რაც გუშინ მოხდა?
ჩემი სოლიდარობა უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს და ჩემი სოლიდარობა ქალს, მზია ამაღლობელს, ძალიან მინდა მას ვუთხრა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ მას ისეთი არგუმენტი აქვს.. გმირია ის ჩემ თვალში. ასეთ ქალებზე დგას საქართველო. ვინც შვილები ვერ გაზარდეს, სახეზეა“, – აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.
ცნობისთვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, უკვე 23-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის… მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში… მოვუწოდებთ შეწყვიტოს შიმშილობა“ – პენიტენციური სამსახური