LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია ბოიკოტით რადიკალური ამომრჩევლის ნაწილის შენარჩუნებას ცდილობენ: ლადო ბოჟაძე

173
ლადო-ბოჟაძე

„ევროპული საქართველოს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აფასებს. მისი განცხადებით, პარლამენტში არ შესვლით, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს, რადიკალური ამომრჩევლის შენარჩუნებას ცდილობს, რომლისთვისაც თვითმმართველობის არჩევნებზე სათქმელი ექნებათ, რომ ისინი ბოლომდე დარჩნენ ბოიკოტის რეჟიმში.

ლადო ბოჟაძის განმარტებით, ბოიკოტის რეჟიმი არაგონივრულია, რადგან ამომრჩევლებმა პარტიებს ხმა იმიტომ მისცეს, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და თავიანთი ინიციატივები საპარლამენტო ტრიბუნიდან გაეჟღერებინათ.

„თავად ფაქტი, რომ ევროპული საქართველო შარლ მიშელის დოკუმენტს არ აწერს ხელს, უკვე სრულიად მიუღებელია იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს პროდასავლური ძალა ჩვენ ქვეყანაში. მეორეს მხრივ, ევროპული საქართველოს ის ლიდერები, რომლების დარჩნენ ამ პარტიაში პარლამენტში ვერ შევლენ, რადგან არცერთ მათგანს მანდატი არ გააჩნია. 5 მანდატიდან, რომელიც მიიღო ევროპულმა საქართველომ, 4 უკვე ფაქტობრივად პარლამენტშია და მე-5 მანდატი, რომელიც ჰქონდა ელენე ხოშტარიას გაუქმდება, თუ ისიც არ შევა პარლამენტში იმის გამო, რომ მათ სია უკვე ჩახსნილი აქვთ. ფაქტია, რომ დარჩნენ უმანდატო ლიდერები. გიგი უგულავაც პარტიიდან წავიდა. 

რაც შეეხება, შალვა ნათელაშვილის პოზიციას, ის სრულ თანხვედრაშია ნაციონალურ მოძრაობასთან და მეორეს მხრივ, ალბათ გიგა ბოკერიამ ჩათვალა, რომ დარჩეს რადიკალურ ფრონტზე, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად, იმ თვალსაზრისით, რომ სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის რაღაც ნაწილი მაინც პარლამენტში შევა და დარჩება ერთადერთი პარტია სამართლებრივად, რომელიც უბრალოდ არ შევიდა პარლამენტში და არ მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს.

ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნონ რადიკალური ნაწილი ამომრჩევლის, რომლისთვისაც თვითმმართველობის არჩევნებზე სათქმელი ექნებათ, რომ ისინი ბოლომდე დარჩნენ ბოიკოტის რეჟიმში, რაც ჩემი აზრით შორს არის გონივრულობისგან.

ნებისმიერ პარტიას ამომრჩეველი ხმას იმიტომ აძლევს, რომ პარლამენტში შევიდნენ. პარტიას, რომელსაც არ აქვს საპარლამენტო მანდატი და პარლამენტის ტრიბუნიდან ვერ გააჟღერებს იმ ინიციატივებს, რომელიც მათ წარადგინეს, გაუჭირდება ამომრჩევლის დაჯერება იმაში, რომ მათი პოზიცია სწორია“,- განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

magti 5g