მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქციამ მსვლელობით იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი გათავისუფლებაა.
აქციაზე შეკრებილ ადამიანები სკანდირებენ: „მიშა, მიშა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მათი პროტესტი მშვიდობიანია და შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრს უნდა გააგონონ ხმა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოებრიობის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობას არ მისცემენ.
„მივემართებით იმ უწყებისკენ, რომლის სამართლებრივი ვალდებულებაცაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და რომელიც ამ დღეების განმავლობაში ფაქტობრივად რუს აგენტად ჩამოყალიბდა.
ჩვენ აქედან მივდივართ იუსტიციის სამინისტროსთან. მშიშარა, მხდალ რატი ბრეგვაძეს უნდა გავაგონოთ ხმა, რომ არ მივცემთ შესაძლებლობას ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო განყოფილებაშია მოთავსებული. ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილების შესრულებისთვის კი გარკვეული პირობები დააყენა და განაცხადა, რომ იგი დაემორჩილება სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას და მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ შიმშილობას შეწყვეტს.