LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადირობის უფლების მოსაპოვებლად, შესაძლოა მოწმობები გახდეს საჭირო

58

მონადირეებს ნადირობის უფლების მოსაპოვებლად, შესაძლოა მოწმობების აღება დასჭირდეთ.

როგორც ,,ფორტუნას” გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ნუგზარ ღვალაძემ განუცხადა,  მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებების შესაბამისად ნადირობის სფეროს ინსტიტუციურ მოწყობას ისახავს მიზნად.

,,გვინდა ეს მიმართულება დაიხვეწოს. შესაძლოა ნადირობის მოწმობები გაიცეს, ისევე როგორც მართვის მოწმობები გაიცემა. მონადირე აღარ უნდა იყოს ყველა, ვისაც თოფი აქვს და სანადიროდ წასვლა მოუნდება. მონადირემ უნდა იცოდეს, როგორ უნდა ინადიროს, დაიცვას გარემოსდაცვითი კანონები,” – აღნიშნა ნუგზარ ღვალაძემ.

მისივე თქმით, დღეს არსებული კანონმდებლობა ერვოკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისი არ არის და ამ საკითხთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრომ ავსტრიელი ექსპერტები მოიწვია.

,,ჩვენთვის უფრო მეტად სამაგალითო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოდელებია. რამდენიმე ვარიანტი განიხილება. შესაძლოა, შეიქმნას ერთი მთლიანი ფედერაცია, რომელშიც სხვადასხვა კლუბიდან გაწევრიანდებიან.

მთავარი ამოსავალი წერტილი ნადირობის სფეროს მდგრადი მართვაა. უნდა იყოს ერთიანი სისტემა”, – განმარტა ნუგზარ ღვალაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ცვლილების კონკრეტული ვადები ცნობილი არ არის, თუმცა ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

mazda magti 5g