ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში უფროსებს ურჩევს საკუთარი შვილები სხვებს არ შეადარონ.
პროგორც პედიატრი ამბობს, როდესაც ბავშვს მუდმივად სხვებს ადარებენ, მას შეიძლება თანდათან დაუქვეითდეს თვითშეფასება, დაკარგოს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, გაუძლიერდეს შფოთვა და შეცდომის შიში. მისი თქმით, ყველა ბავშვი ინდივიდუალური და უნიკალურია.
პედიატრი ბავშვებთან ჯანსაღ მიდგომას ასახელებს:
„ნახე, ის ბავშვი როგორ სწავლობს??? რა კარგად იქცევა?? როგორ კარგად ჭამს და სიმაღლეში როგორ გაგასწრო???“ – ასეთ ფრაზებს ხშირად ეუბნებით ხოლმე ბავშვებს უფროსები და ეს სასტიკად არ შეიძლება… ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზებია, მაგრამ ბავშვისთვის ისინი ხშირად მტკივნეულ გზავნილად იქცევა.
როდესაც ბავშვს მუდმივად სხვებს ადარებენ, მას შეიძლება თანდათან დაუქვეითდეს თვითშეფასება, დაკარგოს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, გაუძლიერდეს შფოთვა და შეცდომის შიში. ასეთ დროს მისი მიზანი აღარ არის საკუთარი განვითარებისკენ სწრაფვა,ის მხოლოდ სხვების „დაწევას“ ან მშობლების მოლოდინების გამართლებას ცდილობს.
ყველა ბავშვი ინდივიდუალური და უნიკალურია. მას საკუთარი ტემპი, ძლიერი მხარეები და განვითარების გზა აქვს. ამიტომ შევადაროთ მხოლოდ საკუთარ გუშინდელ დღეს -ეს არის ყველაზე ჯანსაღი და მოტივაციის მიმცემი მიდგომა.
ბავშვს არ აინტერესებს იყოს ვიღაცაზე უკეთესი -მას სჭირდება,რომ ყოველდღე გახდეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია“, – წერს პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი.
