LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახე ვარსკვლავი ჩამოვარდა: მსოფლიო ვარსკვლავებმა ბორჯომისთვის თბილისში ითამაშეს

70

მსოფლიოს მეგა და ჩვეულებრივმა ვარსკვლავებმა თბილისში ფეხბურთი ითამაშეს და ვინც ეს სტადიონზე ნახა, მათი ბილეთების თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

თამაშის წინ, სტადიონზე მეხანძრე-მაშველებმა, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ, საპატიო წრე დაარტყეს.


ძალიან დიდი ფეხბურთელებიც ჩამოვიდნენ: ტოტი, შევჩენკო, რივალდო – ამათმა დიდხანს და მონდომებით ითამაშეს. შევას დაბადების დღე ქონდა და ეტყობოდა, რომ გოლის შეგდება გულით სურდა. გაიტანა კიდეც…
აქეთ კი ჩვენგან კალაძე დახვდა, მერე კი ყველა ამ თანავარსკვლავედში არავიზე ნაკლები, თუ ყველაზე მეტი არა, ის გამოვიდა – გიორგი ქინქლაძე. დიდი ოვაცია შეხვდა!

ჭარბობდნენ იტალიელი ფეხბურთელები და ერთ დროს „მილანელები“. გასაგებია რატომაც. ისე, იტალია იმდენჯერ იყო ჩამოსული, აწ უკვე კაცებს აქ უკვე უთამაშიათ. კაცები ვახსენეთ და ორი კაცი არ იყო, ვისაც ჭაღარა არ შეპარვია.

იყვნენ ძაან მაგრებიც და ძალიან კარგებიც: კრესპო, ძანეტი, კაფუ, დელვეკიო, დინო ბაჯო, სალგადო, კურანი, ბობანი, ამბროზინი, ტასოტი, ალბერტინი, კოსტაკურტა…
ჩვენგან გამოვიდა – ჯამარა, დემე, იაშკა, ცქიტო, კობი, ცხადაძე, ხიზანა, ამისულაშვილი, ყაველა…
კი იყო, ამხანაგური, საქველმოქმედო თამაში, მაგრამ სერიოზულადაც მიუდგნენ საქმეს, კარგა გულიანადაც ირბინეს და მონდომებითაც ითამაშეს. შესაბამისად, მშვენიერი სანახაობა გამოვიდა.
ლამაზი საჩუქარი მიიღო ქართველმა გულშემატკივარმა.

 


რატომ არ იყო სტადიონი სავსე

უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც „დინამოს“ სტადიონზე შეღწევა პრობლემებთანაა დაკავშირებული. განა ასეთი რთულია წელიწადში რამდენჯერმე მატჩის სათანადო დონეზე ორგანიზება. რა მოხდა და, ამჯერად ტექნიკური ხარვეზი იყო და შესასვლელი კარი გაიჭედა. ხალხი საათზე მეტხანს იდგა გარეთ და ტრიბუნებამდე ვერ მიაღწია. სისტემამ დააღალატა და შესაბამისად ეს მხოლოდ ერთ და ორ შესასვლელს არ შეხებია. უშუალოდ მატჩის დაწყების წინ, რაღაც მომენტში ჭყლეტვაც კი შეიქმნა, უკმაყოფილო გულშემატკივარი ორგანიზატორების მისვლას ითხოვდა და ბუნებრივია არც უწმაწურ რეპლიკებს იშურებდნენ. იყო კარის შემტვრევის მცდელობაც. პოლიცია კი მშვიდად იდგა და ამბობდა, რომ მათი კომპეტენცია არ იყო.

ასე ბოლოს 1992-ში ვიდექი პურის რიგში;
დაიხოცნენ ბავშვები;
საღოლ, საღოლ!..
ბარენ ჩემპიონთა ლიგაც თქვენ ჩაატარეთ!
აი ასეთი შეძახილები იყო უკმაყოფილო ქომაგების მხრიდან, რომლებიც ძალიან დიდი დაგვიანებით შევიდნენ თამაშის საყურებლად.
და მართლა, რა გახდა სტადიონზე ხალხის შეშვება-გამოშვება ამ ქვეყანაში. მუდმივად და გაუთავებლად ასე ხდება…

ისევ ფეხბურთი და მატჩი
1:0 ლუკა ტონი
1:1 იაშვილი
2:1 სალგადო – ახლაც ისე თამაშობდა როგორც ერთ დროს „რეალში“, არ უნდა გაეშვათ…
3:1 რივალდო – გრამი არ ქონია მომატებული…
4:1 ტონი
4:2 კაფუ
4:3 კურანი
5:3 ტოტი – ისე დაარტყა რას მიდიოდა ფეხბურთიდან…
5:4 დემეტრაძე
5:5 შევჩენკო – გილოცავთ შევა დაბდღეს…
6:5 დელვეკიო – მაინც მოაგებინა მსოფლიო ნაკრებს!

რა კარგია კარგი ფეხბურთი!..