სლოვენიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. თბილისიდან მგზავრობის შემდეგ ეს გახლდათ ეგრედ წოდებული აღდგენითი ვარჯიში, რომელზეც მოთამაშეებს ძირითადად კუნთების ტონუსში მოყვანა და მოთელვები დაევალათ.
ვარჯიშის დაწყებამდე, საღამოს შეუერთდა ნაკრებს თორნიკე შენგელია, რომელიც სლოვენიაში ესპანეთიდან ჩავიდა. „ბასკონიას“ ქართველმა ფორვარდმა მწვრთნელები და მოთამაშეები მოინახულა, ვარჯიშზეც იმყოფებოდა, თუმცა მოედანზე მიმდინარე პროცესებში არ ჩაბმულა. შენგელია, ისევე როგორც ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ბექა ბურჯანაძე თავდაპირველად ინდივიდუალურად ივარჯიშებს.
ილიას ზუროსმა პირველად ნახა ვარჯიშში ნაკრების ახალწვეული ილია ლონდარიძე, ასევე „ბ“ ნაკრებიდან ეროვნულში გამოძახებული მოთამაშეები – ნოდარ გოგოძე და გიორგი გამყრელიძე. ვარჯიშის დაწყებამდე და დასასრულს მთავარი მწვრთნელი კალათბურთელებს მოკლედ გაესაუბრა და აუხსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პერიოდი ელით წინ.
კომბინირებული ვარჯიში
მეორე დღეს ეროვნული ზუროსმა გუნდი კომბინირებულად ავარჯიშა. ბერძენმა სპეციალისტმა ნაკრების 16 მოთამაშე შუაზე გაჰყო და საკალათბურთო და სატრენაჟორო დარბაზებში პარალელურად და მონაცვლეობით ავარჯიშა.
საკალათბურთო დარბაზში მიმდინარე ვარჯიშებს თავად ზუროსი და მისი ასისტენტები – იურიცა გოლემაცი, მილოშ გლიგორიევიჩი, კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია უძღვებოდნენ და მოთამაშეებს ძირითადად ფარქვეშ შესვლა-გარღვევებში, სროლებსა და ბლოკის სწორად დაყენებაში ავარჯიშებდნენ. ფიტენეს-ოთახში კი ფიზმომზადების ბერძენი სპეციალისტი გიორგი ვავეცისი იმყოფებოდა და კალათბურთელებს სიმძიმეების დაძლევაში და სხვადასხვა საჭირო მოძრაობების სწორედ შესრულებაში ეხმარებოდა.
თორნიკე შენგელიამ მხოლოდ ფიტნეს-დარბაზში ივარჯიშა, ხოლო ბექა ბურჯანაძემ პირიქით – ფიტნეს-ოთახში არ შესულა და მოედნის მიღმა, ფიზმომზადების მწვრთნელის- ავთო ბერიძისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა.