მთავრობა „ენკასთან“ დიალოგის რეჟიმში ცდილობს საკითხის დარეგულირებას. როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, ნამახვანჰესის მშენებლობის დაყოვნება ქვეყნისთვის კარგი არ არის. ნათია თურნავას განმარტებით, „ნამახვანის“ პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ხედავთ, რომ ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა, უკვე აღდგენასაც გაცდა. ეს არის აბსოლუტური ზრდა, რაც ერთი მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ნიშნავს ელექტროენერგიის მომატებულ მოხმარებას. ჩვენი ამოცანაა, მომატებული მოხმარება ძირითადად ჩვენი საკუთარი წყაროებით იფარებოდეს და ჩვენ საკუთარ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ ადამიანები, ბიზნესები და არა იმპორტირებულს. ჩვენი მიმართულებაა, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“ ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, რა თქმა უნდა, არბიტრაჟი არ არის სასურველი არც ჩვენთვის და იმედი მაქვს, არც კომპანია „ენკასთვის“, რომლის მთავარი პროფილი მშენებლობაა და არა არბიტრაჟში დავა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათთან კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან შეხვედრებს, კომუნიკაციებს აწარმოებენ“, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება ერთ თვეს და პროექტიდან გასვლას, ეს არ არის ასეთი მარტივი პროცესი, რადგან ხელშეკრულებით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს, როგორ და რანაირად.
„ეს არ არის ასე, რომ ცალმხრივად მოიწეროს ინვესტორმა და მიატოვოს პროექტი, ასე არ ხდება, მთელი რიგი პასუხისმგებლობებია აქ, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ერთმანეთში, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.