ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანიჰესის“ შემთხვევაში მიწის უპირობო გადაცემა არ ხდება. ამის შესახებ მან პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
მიწის პრივატიზაციის საკითხზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკაა და მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ ხდება.
მისივე განცხადებით, დიდი პროექტები საჭიროებენ მეტ მიწას, ამის მაგალითად, თურნავამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოიყვანა, რომელსაც გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა დაახლოებით 500 ჰექტარი მიწა.
“ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები…თითოეულ ასეთ პროექტში, როგორც „ნამახვანი ჰესის შემთხვევაში, არ ხდება უპირობო გადაცემა, თუმცა, ვინაიდან მიწის საკითხი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს, მზად ვართ, დაინტერესებული პირებისა და ექსპერტებისგან შემდგარ ჯგუფს გავაცნოთ თითოეული გადაცემული ან გადასაცემი ნაკვეთის შესაბამისობა ტექნიკურ პროექტთან“.- განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.
ამავე თემაზე:
რეალური ინვესტიცია თუ რიონის ხეობის განადგურების საფრთხე – რა ვიცით “ნამახვანჰესის” პროექტზე
მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია – მინისტრი