LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილი ისტორიები, რომელთაც რეალური ცხოვრებიდან გადაინაცვლეს ეკრანზე – 10 რჩეული ფილმი

517
#სტუმრადვარსკვლავთან

მართალია, კინემატოგრაფია პირველ რიგში ფანტაზიის სამყაროა, რომელიც მაყურებელს ზღაპრული სიუჟეტებით ხიბლავს, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ნამდვილი ისტორიები, რომელთაც რეალური ცხოვრებიდან გადაინაცვლეს ეკრანზე.

„ამერიკული აფიორა“ (American Hustle) – დევიდ რასელის კრიმინალურ კომედიას 1970-იანი წლების რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, როცა გამოძიების ფედერალური ბიუროს მსხვილმასშტაბიანმა ანტიკორუფციულმა სპეცოპერაციამ რამდენიმე გავლენიანი ჩინოვნიკი იმსხვერპლა. მოულოდნელი სიუჟეტური სვლებით მდიდარი ფილმი იდეალურად აღწერს 70-იანი წლების ატმოსფეროს, იმ ეპოქის კულტურას და თავისებურებებს.

„დამიჭირე თუ შეგიძლია“ (Catch Me If You Can) – სახალისო კომედიაში სტივენ სპილბერგმა ცნობილი თაღლითის ფრენკ აბიგნეილის ისტორია მოუთხრო მაყურებელს, რომელმაც 1960-იან წლებში არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ მთელი მსოფლიო გააოცა იშვიათი თავხედობით და ბრწყინვალედ განხორციელებული მაქინაციებით.

„ზოდიაქო“ (Zodiac) – დევიდ ფინჩერის დეტექტივის მთავარი გმირი „ზოდიაქოს“ ფსევდონიმით ცნობილი სერიული მკვლელია, რომლის რეალური ვინაობა დღემდე დაუდგენელია. ფინჩერი მხოლოდ მისთვის ჩვეულ სტილში მოუთხრობს მაყურებელს 25 წელზე გაჭიმულ გამოძიებას და  მასაც სთავაზობს რებუსად ქცეული კრიპტოგრამების ამოხსნას.

„უოლ-სთრითის მგელი“  (The Wolf of Wall Street) – ბიოგრაფიულ დრამაში, რომელიც თაღლითობისთვის გასამართლებული ბროკერის ჯორდან ბელფორტის სენსაციური მემუარების მოტივებზე შეიქმნა, მარტინ სკორსეზემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კრიმინალური ისტორიის მოთხრობა იუმორითაც შეიძლება.

„კაზინო“ (Casino) – მართალია, სკორსეზეს მორიგი კრიმინალური დრამა რობერტ დე ნიროსა და ჯო პეშის ლეგენდარული დუეტის მონაწილეობით, რომელიც ნიკოლას პილენჯის და ლარი შანდლინგის დოკუმენტური რომანის მიხედვით შეიქმნა, კრიტიკოსებმა დაიწუნეს, მაგრამ მაყურებლისთვის მაინც საინტერესო აღმოჩნდა ცნობილი განგსტერის ფრენკ როზენტალის ისტორია, რომელმაც ერთგვარი რევოლუცია მოახდინა აზარტული თამაშების ბიზნესში.

„პრეზიდენტის მთელი ამალა“ (All the President’s Men) – ალან პაკულას ოთხი „ოსკარის“ მფლობელი დრამა დასტინ ჰოფმანისა და რობერტ რედფორდის ბრწყინვალე დუეტის მონაწილეობით, The Washington Post-ის ჟურნალისტების დოკუმენტური რომანის მიხედვით შეიქმნა, როემლთაც საკუთარ თავზე აიღეს 1973 წლის ცნობილი სკანდალის – უოტერგეიტის საქმის გამოძიება.

„ჯონ კენედი. გასროლა დალასში“ (JFK) – მართალია, ჯონ კენედის მკვლელობის გამოძიება ათწლეულების წინ დასრულდა, მაგრამ ოლივერ სტოუნის ისტორიულ ფილმში მოთხრობილი შეთქმულება ნებისმიერს აიძულებს დაფიქრდეს, რამდენად ობიექტურად ჩატარდა ძიება და რამდენად სანდოა ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული ვერსია.

„ხელშეუებლები“ (The Untouchables) – განგსტერული დრამაში, რომელიც ბრაიან დე პალმას ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება, მთავარი როლი კევინ კოსტნერმა შეასრულა. სწორედ ფედერალური ბიუროს აგენტის ელიოტ ნესის განსახიერებით მოიპოვა ახალგაზრდა კოსტნერმა პოპულარობა და მსოფლიო აღიარება.

„ბონი და კლაიდი“ (Bonnie and Clyde) – დრამა ცნობილ კრიმინალურ წყვილზე, რომელიც არტურ პენმა 1967 წელს დადგა, ერთგვარ გარდამტეხად იქცა ამერიკულ კინოში, რადგან მანამდე ვერავინ ბედავდა სექსსა და ძალადობაზე ასე თამამად და ხმამაღლა საუბარს.

„მიუნჰენი“ (Munich) – სტივენ სპილბერგის მონუმენტური დრამა მოსადის სპეცოპერაციაზე მოუთხრობს მაყურებელს, როცა სპეცსამსახურის აგენტებმა პალესტინელ ტერორისტებზე იძიეს შური 1972 წლის მიუნჰენის ოლიმპიურ თამაშებზე განხორციელებული ტერაქტისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g