ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, ცესკო საოლქოს ოქმებს აჯამებდა თუ საუბნოსი. მისი თქმით, ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საოლქოს მონაცემების შეჯამება დღეს არ შეიძლება, რადგანაც მათი გასაჩივრების ვადა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. საპასუხოდ, თამარ ჟვანიამ გოგორიშვილს განუცხადა, რომ ის საჩხუბრად არის მისული და რეალურად, ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია.
“პროცედურული შეკითხვა მაქვს საჩივრის წარდგენის ფორმასთან დაკავშირებით და ნება იბოძეთ და მომისმინეთ. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი 30 საჩივარი. ყველა ეს საჩივარი არის კონკრეტული, ყველგან არის რიცხვები, რომლებიც თქვენ არ გაინტერესებთ. გასაგებია. როცა თქვენ ბრძანეთ, რომ 20 წუთი მოგვეცემა, ეს არის ერთადერთი რამის დასტური, რომ არ გაინტერესებთ. მარტო მე საბურთალოს ოლქში არსებული დარღვევები რომ წარმოგიდგინოთ, ამისთვის დამჭირდება 20 წუთი. თქვენ ნანახი გაქვთ თვალით, საერთოდ, საჩივრები? მაშინ, როგორ წარმოგიდგენიათ, ერთი საჩივარი მაინც მოვასწროთ 20 წუთში.”, — განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილს რამდენჯერმე მიმართა, რათა საჩივრებთან დაკავშირებით ესაუბრა. საბოლოოდ კი, მან ხათუნა გოგორიშვილის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვერ გააძევეს. გამოცხადდა შესვენება.
შემაჯამებელი სხდომაზე არჩევნების შედეგებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს შეაჯამებენ. ამას გარდა, სხდომაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილ საჩივრებსაც განიხილავენ. სხდომას ოპოზიციის წევრებიც ესწრებიან.