„რომ გითხრათ, კარგის მოლოდინი მაქვს-მეთქი, მოგატყუებთ, იმიტომ, რომ ეს მოსამართლეები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ზოგი უვადო მოსამართლეა და შეუძლია და ამ მდგომარეობაში მაინც თამამი იყოს და ქვეყანას ემსახურებოდეს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებენ და ეს ძალიან სამწუხაროა“, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 11 პირის პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში მყოფმა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა.
ნანკა კალატოზიშვილის სიტყვებით, „სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ეს ადამიანები საერთოდ ციხეში და ამ სასამართლოშიც არ უნდა მომხვდარიყვნენ, ისევე როგორც დანარჩენი 51 ტყვე“.
„ისევე, როგორც არ უნდა იყოს „რუსული კანონის“ აქციების დროს დაჭერილი ორი ბიჭი ციხეში 400-ლარიანი „ჟეშტის“ დაზიანებისთვის, რომელიც გადახდადია და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანები გარეთ იქნებოდნენ.
არ მგონია, რომ დღეს გამოუშვებენ, შეიძლება გამოუშვან ერთადერთი იმ მოსაზრებით, რომ რაღაცნაირად, ცოტა ჩაახშონ ადამიანების [პროტესტი]…
უსამართლოდ არიან, ჩვენ აბსოლუტურად ყველა პატიმარზე ვიბრძვით და ეს არ ეხება კონკრეტულად ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც ჩვენი მეგობარია, ეს ეხება 51 უდანაშაულო ტყვეს“, – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
ნანკა კალატოზიშვილი რეჟიმის პატიმრებზე"სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს ბიჭები ამ პროცესზეც კი არ უნდა ყოფილიყვნენ…" | ნანკა კალატოზიშვილი რეჟიმის პატიმრებზე
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on პარასკევი, 10 იანვარი, 2025
ცნობისათვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება, ადვოკატები სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ – სწორედ დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, დაკავებულები წინასასამართლო სხდომამდე პატიმრობაში დარჩებიან, თუ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან.
ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა“