პრობლემა, რომელიც სამგორის რაიონს და კონკრეტულად ლილოს დასახლებას აწუხებს, უკვე წლებია სერიოზულ სამუშაოებს და დროულ ჩართულობას საჭიროებს. საკითხი ეხება ლილოს დასახლებაში არსებულ ნაგავსაყრელს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქს ემსახურებოდა. აღნიშნული ნაგავსაყრელი 2017 წელს დაიხურა, თუმცა ტერიტორია ამ დრომდე ღიაა და ძლიერი ქარის დროს დასახლებაში მძაფრი სუნი და ნაგავი იფანტება. დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად პროექტის იდეა განიხილა და აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა საერთაშორისო კომპანიებთან და შემუშავებულია შესაბამისი კონცეფციაც.
შეგვიძლია ლილოს ნაგავსაყრელიდან ბუნებრივი აირი მოვიპოვოთ – კახა კალაძე
“ჩვენ რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს პროექტისა და სამუშაოების შესახებ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის გაზშემკრების მოწყობა. ამ ნარჩენებისგან გამოიყოფა გაზი, რომელიც უნდა მოთავსდეს ერთ ადგილას. როდესაც მოხდება ამ გაზის შეკრება-გადამუშავება, მივიღებთ ელექტროენერგიას, რომელსაც გამოიყენებს ქვეყანა და დედაქალაქი”, – აღნიშნა მერმა.
გაზშემკრების მოწყობა და აღნიშნულ საკითხში ბიზნესსექტორის ჩართვა დაევალა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს. როგორც სხდომაზე კახი კალაძემ განმარტა, აღნიშნული პროექტი არის 2-წლიანი გეგმა და ამ პროექტისთვის 50-60 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისივე განმარტებით, “თბილსერვისს” ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით, აქვს სერიოზული გამოწვევა, რომელიც ერთიანი თანამშრომლობითა და ეფექტური მუშაობის პრინციპით უნდა განხორციელდეს.