LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკომანია არის სატანიზმის მთავარი ნაწილი – სასულიერო პირები მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე

156

ნარკომანია არის სატანიზმის მთავარი ნაწილი, –  ამის შესახებ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

„ეს არის სატანის რიტუალის მთავარი ნაწილი, ბოროტ ძალებთან ურთიერთობა. ეს იწვევს სულიერ დეგრადირებას, ასევე ფიზიკურ განადგურებას. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ საჭესთან თუ დაიჭერ აუცილებლად უნდა აუკრძალო მართვა. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არ შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც არის სამხედრო, ბავშვებთან ვისაც აქვს ურთიერთობა, ძალოვან სტრუქტურებთან და ყველაზე მთავარი, უნდა იცოდეს რომ ასეთი ადამიანი, მისი შრომითი წარმატება არის ძალიან დაბალი. ასეთ კაცს უნდა მისცე ნახევარი ან მესამედი ხელფასი, როგორც სხვა ქვეყნებშია. ამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის არის ავადმყოფი და საზოგადოების არასრულფასოვანი წევრი. თუ უნდა, გახდეს სრულფასავოვანი წევრი, უნდა აიძულო, თავი რაღაცეები გამოასწოროს. ხშირად გვეუბნებიან, თქვენ დაჭერა გინდათო? არა, დაჭერა არ გვინდა. ადამიანი, რომელიც ნარკოტიკს ხმარობს, შეიძლება დააჯარიმო. თუ მუშაობს, ხელფასიდან ჩამოაჭრა, თუ არ მუშაობს, ათასი სამუშაოებია: გაზონების შელამაზება, საპირფარეშოების დასუფთავება, ბენზინის ჩამოსხმა,” – ცხადებს დეკანოზი დავით ქვლივიძე.

სასულიერო პირის თქმით, მოსამართლეებმა თავიანთი გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა შეცვალონ და ერის წინაშე ბოდიში მოიხადონ. დეკანოზი მომხდარში “გირჩის” ბრალეულობასაც ხედავს.

“გირჩში” დღეს ვინც არიან, მთავრობაში როცა იყვნენ, არავისზე ზრუნავდნენ. გინახავთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გამოსულიყო პარლამენტში და ეთქვას – ბატონო მიშა, არ დავსაჯოთ ნარკომანები, ნუ გაავსებთ ციხეს. მათი მეთოდი ასეთი იყო: როცა ვინმეს ორი კაპიკი ჰქონდა, ჩაუდებდნენ ნარკოტიკს და გააგზავნიდნენ გლდანის ციხეში,” – განაცხადა დეკანოზმა.

მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს დეკანოზი დავით ნოზაძეც. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი საკითხები რეფერენდუმის ჩატარებით უნდა გადაწყდეს.

„მნიშვნელოვან საკითხებს უნდა წყვეტდეს მთელი ერი. რეფერენდუმი ხომ არსებობს? მოდი, ვკითხოთ მთელ ჩვენ მოსახლეობას, რა ურჩევნია, იყოს ნებადართული, თუ არ იყოს ნებადართული? ჩემი აზრით, პრემიერი, მინისტრები, პარლამენტარები, სასულიერო პირები – ვისაც გვიყვარს სამშობლო და ადამიანი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ იყოს ნებადართული,” – აღნიშნა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.