“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობამ ნარკოპოლიტიკაზე სამი მიმართულებით იმსჯელა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მსჯელობის ერთ-ერთი კომპონენტი ნარკორეალიზატორების საკითხია, რომელზეც ყველას ერთიანი პოზიცია აქვს, რომ ამ მიმართულებით, კანონი უნდა გამკაცრდეს.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე შეძენა-შენახვისა და დოზების კომპონენტიც, რასთან დაკავშირებითაც, როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, პოზიციები დაახლოვდა, თუმცა, დეტალებზე დეპუტატი არ საუბრობს.
მდინარაძის განცხადებით, ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკას უკავშირდება. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ამ ნაწილში კანონი არსებულზე მეტად ჰუმანური იქნება
უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიგა ბუკია არ გამორიცხავს, რომ რეფრომას “კონსერვატორების” მხარდაჭერაც ჰქონდეს.
მისივე თქმით, მათი პოზიციაა, რომ მიღებულმა კანონმა ხელი არ უნდა შეუწყოს ნარკოტიკების ხელმისაწვდომობას და უნდა შემცირდეს მომხმარებელთა რიცხვი.
“პროცესი მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ ორივე მხრიდან უნდა იქნას გადადგმული ნაბიჯები. ჯერ-ჯერობით ვართ პროცესში, გაგრძელება იქნება უახლოეს დღეებში და ვნახოთ, რა შედეგი იქნება. პრინციპების დონეზე იყო საუბარი, კონკრეტიზაცია არ ყოფილა,” – განაცხადა გიგა ბუკიამ.