იტალიურმა მოდის სახლმა Prada-მ მთვარეზე მომავალი მისიებისთვის განკუთვნილი სპეციალური ეკიპირების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. საუბარია არა მოდურ აქსესუარზე, არამედ მაღალტექნოლოგიურ გამაგრილებელ სისტემაზე, რომელიც ასტრონავტებს ექსტრემალურ პირობებში მუშაობისას სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში დაეხმარება.
სისტემა, რომელსაც Liquid Cooling and Ventilation Garment (LCVG) ეწოდება, ასტრონავტის სკაფანდრის შიდა ფენას წარმოადგენს. მასში ინტეგრირებულია თხელი მილების ქსელი, რომლებშიც ცივი წყალი ცირკულირებს და სხეულს გაგრილებაში ეხმარება. ამის შემდეგ სკაფანდრის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა სითბოს გარე გარემოში გამოყოფს.

ასეთი ტექნოლოგია აუცილებელია, რადგან მთვარეზე ადამიანის ორგანიზმი ბუნებრივად ვერ გრილდება. ღია კოსმოსში ჰაერი არ არსებობს, ხოლო სკაფანდრი სრულად იზოლირებს ასტრონავტს გარემოსგან. შედეგად, ზედაპირზე მუშაობისას გადახურების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.
ეკიპირება ასევე აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, რომელიც სკაფანდრის შიგნით სტაბილურ გარემოს უზრუნველყოფს, აწვდის ჟანგბადს და ნახშირორჟანგს აშორებს. სისტემა გათვლილია დაახლოებით 8 საათიანი სამუშაო ციკლისთვის.

ახალი ტექნოლოგია გახდება Axiom Space-ის მიერ შექმნილი AxEMU სკაფანდრის ნაწილი, რომელსაც ასტრონავტები Artemis IV მისიის ფარგლებში გამოიყენებენ. ამ ეტაპზე მისიის გაშვება 2028 წლისთვის იგეგმება და მისი მიზანი ასტრონავტების მთვარის სამხრეთ პოლუსის რეგიონში დაშვებაა.
Prada პროექტში არა მხოლოდ როგორც ცნობილი ბრენდი, არამედ როგორც ტექნოლოგიური პარტნიორი მონაწილეობს. კომპანიამ გამოიყენა გამოცდილება ინოვაციური ქსოვილების, 3D მოდელირების, მასალების დამუშავებისა და ერგონომიული დიზაინის მიმართულებით, რაც კოსმოსური ეკიპირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, ეს ტექნოლოგია მომავალში ადამიანების მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნისა და პერსპექტივაში, მარსზე მისიების ნაწილიც გახდება.