„ბერკლის“ კოლეჯის კურსდამთავრებული, მომღერალი ნატალია ნაყოფია „ფორტუნა პლუსის“ გადაცემას „ვიზიტორი“ ესტუმრა, სადაც სიმღერა, „ცისფერი აბი“ დააპრემიერა. აღსანიშნავია, რომ სიმღერის პრემიერა „იუთუბზე“ 30 იანვარს შედგა და მას უკვე 646,492-ზე მეტი ნახვა აქვს. სიმღერა ნატალიას საავტორო ალბომიდანაა, კომპოზიციის არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, ალბომი კი ალეკო ბერძენიშვილთან, „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა. ნატალიას სიმღერა მამაკაცებს ეძღვნებათ.
ნატალია ნაყოფია:
ეს არის ჩემი სადებიუტო სიმღერა და სწორედ ამით მინდა მსმენელს ჩემი თავი და შემოქმედება გავაცნო. მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად ვარ. პროდიუსერი ბორიკო შხიანია, მიქსინგის ავტორი კი ალეკო ბერძენიშვილი. დიდი შრომა და სიყვარული ჩავდეთ და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ნამუშევარს ეტყობა.
რისი თქმა გინდოდა მსმენელისთვის ამ სიმღერით?
არ მინდა დეტალებს ჩავუღრმავდე, მინდა რომ როდესაც მსმენელი მოისმენს, წარმოდგენა თავად შეექმნას. რეალურად ილუზიურ მდგომარეობასა და სამყაროზეა, ასევე ქალის ძალის შესახებ. კლიპი „ქოლაბა პრიდაქშენმა“ გადაიღო, მასზე დიდი გუნდი მუშაობდა.
ვინ არის შენი პირველი შემფასებელი?
დედაჩემი და ჩემი მეგობრები, მათ ვუზიარებ ხოლმე ჩემ მუსიკას. მათგან კრიტიკასაც ვიღებ ხოლმე, მათ აზრს ვითვალისწინებ. ასევე მარინა ბერიძეს მადლობა, ის ჩემი მენტორია. მან მიბიძგა საავტორო სიმღერებზე მემუშავა. მამაჩემი მელომანია, თუმცა არ იცოდა, რომ საავტორო სიმღერების ჩაწერა დავიწყე. ალბომის შექმნის ფინიშთან რომ ვიყავი, მაშინ ვაჩვენე და ძალიან მოეწონა.
როგორც ვიცი, „დისნეის“ ანიმაციაშიც გაქვს ნამღერი,
დიახ „ენკანტო“ გავახმოვანე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. „მირაბელის“ ხასიათის და შინაგანის სამყაროს შესწავლა საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის. ჩემს ალბომში ინგლისური სიმღერებიც არის, რადგან მაინც ინგლისურენოვანია ჩემი განათლება. ბევრი სიახლე მაქვს წინ, მალე ახალ სიმღერას გამოვუშვებ.