LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „მტერმა რომ ნახოს, ჩვენი გზა მათ გზას არ უერთდება, ბევრი უნდა ვიყოთ…ჩვენი მეომრების და ჩვენი დაღუპული გმირების სახელზე, შევიკრიბოთ რუსთაველზე“

158
Untitled design (2)

„მეგობრებო, რუსეთმა კიდევ ერთხელ და თუ საჭირო გახდა, მილიონჯერ უნდა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში ფეხს ვეღარასდროს მოიკიდებს, რომ დამოუკიდებლობას აღარასდროს დავთმობთ“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას დღეს რუსთაველზე დაგეგმილ სოლიდარობის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

როგორც ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, „მტერმა უნდა ნახოს, რომ ჩვენი გზა მათ გზას არ უერთდება და რომ საქართველო არავის წინაშე არ დაიჩოქებს“.

„ავი თუ კარგი, როგორიც არის, ეს ქვეყანა ჩვენია და როცა ჩვენი უკეთესი შვილების ხელში სრულად გადავა, ქვეყანაც მათსავით უკეთესი გახდება. ყველაფერს გვაპატიებენ, ყველა შეცდომის დაშვების მიზეზსაც გაგვიგებენ, გარდა მათი კუთვნილის მტრისთვის გადაცემისა.

არ უნდა დაგვაბრკოლოს პოლიტიკურმა ნდობა-არნდობამ, სიმპატია-ანტიპათიამ, ჩვენი სიტყვა საკუთარი სიტყვაა, ყველა პოლიტიკოსისგან დამოუკიდებელი და სულ ერთია, ვინ გამოაცხადა პირველმა, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავი რუსთაველზე აღვნიშნოთო.

უკრაინაში ჩვენები დაიხოცნენ, უკრაინამდე თაობები მოგვიკლეს და დევნილებად გვაქციეს, მათგან მოყენებული ჭრილობებით დასახიჩრებულებმა ამის მეტი ვეღარ შევძელით, როგორებიც ახლა ვართ.

სულ ცოტა დრო მაინც რომ გამოვნახოთ რუსთაველზე გასასვლელად, რომ ნახოს მტერმა, რომ ჩვენი გზა მათ გზას არ უერთდება, ვერ ჩაკლეს ჩვენში თავისუფლების სურვილი, რომ არ დაიჩოქებს საქართველო არავის წინაშე და ყოველთვის ვიქნებით მათ მხარეს, ვისაც ქვეყანას ართმევენ, ბევრი უნდა ვიყოთ.

საქართველოს იდენტობას ის გმირები ქმნიან, ვინც დღეს უკრაინელებთან ერთად იბრძვის, ის მაშველები, პირველივე დღეს ნანგრევებიდან ხალხის ამოსაყვანად რომ გაიქცნენ თურქეთში, ის დევივით კაცი, დენს რომ არ შეუშინდა და წყალში შევიდა, ის ბიჭი, ცურვა რომ არ იცოდა და სხვის საშველად წყალში გადახტა… ეს ხალხი ვართ ჩვენ და ამ იდეალების არდათმობის მეტი არაფერი გვევალება ქვეყნის წინაშე.

ჩვენი მეომრების და ჩვენი დაღუპული გმირების სახელზე, შევიკრიბოთ რუსთაველზე დღეს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე, დღეს თბილისში, პარლამენტთან, 19:00 საათზე გაიმართება უკრაინის სოლიდარობის აქცია „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს!“.

ნანუკა ჟორჟოლიანი: დიდება უკრაინას, რომელსაც ვერ ვიცავთ საკუთარი ხელისუფლების მოღალატე ქმედებებისგან!

ზელენსკი: ეს იყო ტკივილის, დარდის, რწმენისა და ერთიანობის წელი და ეს ჩვენი უძლეველობის წელია, ვიცით, რომ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების წელი!