დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. პარტიის დატოვების მიზეზად ნატო ჩხეიძემ ტელეკომპანია „იბერიას“ საკითხზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან არასათანადო მხარდაჭერა დაასახელა.
ნატო ჩხეიძემ ბოლო ორი კვირის მოვლენებზე ისაუბრა. მან მარიხუანას საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო პროექტიც გააკრიტიკა.
„ამ ორ კვირაში გახმიანდა ანტისახელმწიფოებრივი და მეტად მტკივნეული მოვლენა – სამთავრობო შეტევა მედიასა და ბიზნესზე. განსაცდელშია ტელეკომპანია „იბერია“. განსაცდელშია „ომეგა ჯგუფში“ დასაქმებული 1 500-მდე ადამიანი, დახურულია საწარმო. ამ მოვლენამ გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი, რასაც შეუერთდა ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების თითქმის მთელი სპექტრი. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს თანადგომა „ომეგა ჯგუფისადმი“, მედიისა და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა. ამის გამო გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და შესაბამისად, გავდივარ პარტიიდან,“ – განაცხადა ჩხეიძემ.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში მოიძებნება ერთი დეპუტატი, რომელიც მის ნაცვლად საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტებში“ გაერთიანდება.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება. თანხის გადაუხდელობის გამო კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.