LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობიმპორტიორთა კავშირი საწვავის გაიაფებას ლარის გამყარებას უკავშირებს

63

საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს. ნავთობზე საერთაშორისო ფასების ზრდის მიუხედავად, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს საცალო ქსელში საწვავზე ფასების შემცირება საქართველოს ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით გამყარებას უკავშირდება – ამის შესახებ ინფორმაციას ”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” აქვეყნებს.

”მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით. (კერძოდ, ბოლო 1 თვის განმავლობაში ბენზინის საერთაშორისო ფასი გაზრდილია საშუალოდ 119 დოლარით ტონაზე, ხოლო 10PPM დიზელის ფასი – საშუალოდ 66 დოლარით ტონაზე), ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს საცალო ქსელში რიგი კომპანიების მიერ სხვადასხვა ტიპის საწვავზე კვლავ გაგრძელდა ფასების შემცირება, რაც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის გამყარებასთან დოლართან მიმართებაში. შედარებისათვის, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,3966 ერთეულს, ხოლო დღეისთვის –  2,2953 ერთეულს”, – განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მათივე ინფორმაციით, დღეისთვის, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: სუპერის ტიპის ბენზინი – 1,65-1,80 ლარი, პრემიუმის ტიპის ბენზინი – 1,55-1,69 ლარი, რეგულარის ტიპის ბენზინი – 1,35-1,55 ლარი, დიზელი ლ-62 -1,32-1,45 ლარი, ევროდიზელი – 1,35 – 1,65ლარი.

რაც შეეხება ნავთობის საერთაშორისო ფასებს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება და ამ ეტაპზე, ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) – Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 41,47 დოლარი ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა –  41,62  დოლარი ბარელზე.

”მიმდინარე საერთაშორისო ფასებს შემდეგი ფუნდამენტალური ფაქტორები განსაზღვრავს: მსოფლიოში ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც ბაზარზე ფიქსირდება ნავთობის ჭარბი ოდენობა (ბოლო პერიოდში გაზრდილი ნავთობის წარმოების პირობებში ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში არის ნავთობის ზედმეტობა 300 მლნ ბარელის ოდენობით),  ირანის დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე, ასევე მსოფლიოში ნავთობის მეორე მომხმარებელი ქვეყნის – ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება”, – ნათქვამია კვლევაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობის გაზრდილი ფასები რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. მათ შორის, რუსეთს, საუდის არაბეთსა და ოპეკის რიგ ქვეყნებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები ნავთობის მოპოვების „გაყინვასთან“ დაკავშირებით და ასევე აშშ-ში ნავთობის მოპოვების შემცირებას.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციითვე, ნავთობის ფასის მომავალი ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული 17 აპრილს ყატარში დაგეგმილ ოპეკის შეხვედრაზე, სადაც ნავთობის მოპოვების „გაყინვის“ საკითხი იქნება განხილული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g