LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI: პოლიტიკური დაპირისპირება, რომელმაც ქართული პოლიტიკა სრულად მოიცვა, 30 წლის განმავლობაში მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს საფრთხეს უქმნის

45
NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან მაღალი დონის ონლაინ შეხვედრები გამართა.

ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრები მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას;

ამასთან, გამოხატავდა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გუნდს უძღვებოდნენ მადლენ ოლბრაიტი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ჰოვარდ დინი, ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; კენეთ უოლაკი, ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი. გუნდის სხვა წევრებს შორის იყვნენ აშშ-ის კონგრესისა და NDI-ის უფროსი წარმომადგენლები (იხ. დეტალური სია ბოლოში).

„ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში სანიმუშო ადგილს იკავებდა, რასაც  ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გატარებული დემოკრატიული რეფორმები ამყარებდა.

ბოლოდროინდელი საარჩევნო რეფორმების შედეგად მიღებული სამართლებრივი ჩარჩო პროპორციულ წარმომადგენლობაზე და კონსენსუსზე ორიენტირებულ სისტემას უწყობს ხელს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში საკვანძო და აქტიურ როლს თამაშობენ, რაც, სხვა ყველაფერთან ერთად, საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე მიუკერძოებელ დაკვირვებას გულისხმობს,“ – ვკითხულობთ NDI-ის განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია ისიც, რომ NDI-ის 2021 წლის თებერვლის საზოგადოების აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკური ლიდერების თანამშრომლობისა და დემოკრატიული მისწრაფებების განხორციელების იმედი აქვს.

„დემოკრატია მუდმივ პროგრესს მოითხოვს, ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია კი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია,” – განაცხადა მადლენ ოლბრაიტმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და დასძინა, რომ „სამწუხაროდ, დესტრუქციული პოლიტიკური მეტოქეობა ქვეყანას, ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს ზიანს აყენებს.“

მისივე თქმით, დემოკრატიის გასაძლიერებლად აუცილებელია დიალოგი, ჩართულობა და კომპრომისი. ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოსაზრებით, ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული.

„საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. გახანგრძლივებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ მიმართულმა შეტევებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია და დემოკრატიული, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთგულების მიმართ კითხვები გააჩინა,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, NDI-ის 2021 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ მიაჩნევს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს.

NDI-ის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმების დარღვევამ, რასაც მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა უზრუნველეყო, ეს განწყობა კიდევ უფრო გაამყარა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ წლევანდელი არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვითა და მოქალაქეების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისადმი თავიანთი ერთგულება დაამტკიცონ.

„კონსტრუქციული დიალოგი პასუხისმგებლიანი და წარმომადგენლობითი მმართველი სისტემის აუცილებელი კომპონენტია. ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები სრულიად მიუღებელია”, – თქვა ყოფილმა გუბერნატორმა ჰოვარდ დინმა ღონისძიებაზე.

მისი შეხედულებით, მთავრობამ იმ ჯგუფების პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, მათ შორის დამოუკიდებელ მონიტორინგს, საარჩევნო პროცესების ანალიზსა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მოსაზრებების გაჟღერებას. დინის თქმით, ეს მმართველ გუნდად ყოფნის ტვირთია.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო და ადმინისტრაცია უმეტესწილად გამართულია, NDI-ის შეხვედრებზე რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა, რომელთა დიდი ნაწილი წინა არჩევნებისა და მთავრობების დროსაც არსებობდა.

მათი შეფასებით, საარჩევნო კამპანია არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდება, თუმცა დღეისათვის ყველა პარტია არ აკეთებს საკმარისს მოქალაქეებთან შესახვედრად და მათ საჭიროებებზე სასაუბროდ.

„აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის პოლიტიკური დებატების ნაკლებობა შეინიშნება, რაც მოქალაქეებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს,“ – ამბობენ ორგნიზაციაში.

NDI-ის ცნობით, შეხვედრების მონაწილეებმა საარჩევნო რეგულაციების არასრული ან შერჩევითი აღსრულების, სახელმწიფო რესურსებისა და პროკურატურის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებაც გამოთქვეს შეშფოთება.

მონაწილეების შეფასებით, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლად მოქმედებისა და განსხვავებული შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობების შეზღუდვისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროებისა და დაშინების გამო.

ამ ფუნდამენტური თავისუფლებების დაუცველობამ კი, მათი აზრით, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს არჩევნებისადმი ნდობას. მიუხედავად ამისა, როგორც ღონისძიების მონაწილეები აცხადებენ, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და საარჩევნო კანდიდატს საარჩევნო პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობა ევალება.

მომხსენებლების აზრით, რეგიონში არასტაბილურობისა და მსოფლიოში ავტორიტარიზმის ზრდის ფონზე, აუცილებელია ამ საკითხების გადაწყვეტა, რათა გამყარდეს საქართველოს პოზიცია ევროპული ერების ოჯახში, გაძლიერდეს უსაფრთხოება და გაძლიერდეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობა.

„სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები ახალი არ არის. ეს პრობლემები ქვეყანას სხვადასხვა მთავრობების დროს აწუხებდა,” – აღნიშნა ელჩმა პერ ეკლუნდმა.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ეს გამოწვევები მომავალ ადმინისტრაციებსაც არ გადაეცეს. „მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას ლიდერობის უფრო დიდი ტვირთი აქვს, ოპოზიციური პარტიებიც კეთილსინდისიერად უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში,” – დასძინა მან.

არჩევნების დღემდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით, NDI  შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს, რომელთაც ორგანიზაციის შეფასებით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებას:

  • ყველა ჩართულმა მხარემ პატივი უნდა სცეს საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების უფლებას, რომ თავიანთი საზედამხედველო საქმიანობა თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში განახორციელონ. ასევე, დაცული უნდა იყოს იმ პირების უფლებები, რომლებიც კამპანიისა და ხმის მიცემის პროცესებში არიან ჩართულნი. მთავრობამ ამ უფლებების დასაცავად სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მომზადება და აღჭურვა უნდა უზრუნველყოს.
  • ხელისუფლებამ ძალადობის, დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩაატაროს და დამნაშავეების პასუხისგებაში დროული მიცემა უზრუნველყოს.
  • საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა მიღებული საჩივრები სწრაფად, გამჭვირვალედ და სათანადოდ განიხილოს, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი დამატებითი ნაბიჯები გადადგას.
  • ყველა პარტიის მხარდამჭერმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ძალადობისა და დაშინებისგან. პოლიტიკურმა პარტიებმა დროულად უნდა შემოიღონ და გამოიყენონ შიდა სანქციები მათთვის, ვინც ამ პრინციპებს დაარღვევს.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აწარმოონ საკითხებზე დაფუძნებული, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული კამპანიები და გამოიყენონ მაუწყებლების მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაერთონ დებატებში და საზოგადოებას თავიანთი პოლიტიკის დღის წესრიგი წარუდგინონ.
  • არჩევნებამდე, არჩევნების განმავლობაში და შემდეგ, ყველა პარტიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში და კონსტრუქციული დიალოგის გზით რეფორმების გატარებას შეუწყოს ხელი, რაც 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით იქნება განპირობებული. ასეთმა კურსმა, შესაძლოა, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მოახლოებული არჩევნები ნამდვილი პოლიტიკური რეფორმების საწყისი იქნება.

ორგანიზაციის განცხადებით, NDI საქართველოში 1995 წლიდან მუშაობს და როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, კვლავაც მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მათივე განცხადების თანახმად, NDI გააგრძელებს არჩევნების დღემდე და მის შემდეგ ადგილზე განვითარებული მოვლენების ყურადღებით შეფასებას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ზემოთაღნიშნული შეხვედრები 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის NDI-ის მრავალკომპონენტიანი პროგრამის პირველ ფაზას წარმოადგენდა.

6 სექტემბერს კი, NDI-მ მცირე გრძელვადიანი შეფასების მისიის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განაცხადა.

ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსები რამდენიმე ძირითად თემაზე  გაამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის არჩევნების ადმინისტრირება, საარჩევნო კამპანიები, საინფორმაციო გარემო, გენდერისა და ინკლუზიის საკითხები.

სექტემბრის ბოლოს NDI ამ კვირაში ჩატარებული მაღალი დონის შეხვედრებზე განხილული საკითხების მორიგ მოკვლევას განახორციელებს, რათა არჩევნების დღისთვის მათი პროგრესი შეაფასოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g