აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ანალიტიკოსები კორონავირუსის ლაბორატორიიდან შემთხვევითი გაჟონვის თეორიისკენ იხრებიან – ანგარიში იმავე მონაცემებს ეყრდნობა, რომლებიც სააგენტოს თვეების განმავლობაში ჰქონდა.
როგორც გამოცემა New York Times ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ახალი ანგარიში უხანში მდებარე მაღალი უსაფრთხოების კვლევითი ლაბორატორიების, პანდემიის დაწყებამდე არსებულ პირობებზე დაკვირვებას ეყრდნობა.
CIA-ს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი თეორია, კოვიდის გავრცელების ბუნებრივი მიზეზების შესახებ, ისევ შესაძლებელი რჩება. უწყება ამბობს, რომ ნებისმიერი ახალი სადაზვერვო ინფორმაციის შესწავლასა და შეფასებას გააგრძელებს.
„ეს არის მორალური და სამეცნიერო იმპერატივი“ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ჩინეთს, კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მონაცემები გაასაჯაროოს
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, „ეს არის მორალური და სამეცნიერო იმპერატივი“.
CIA-ს ახალმა დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ მას აღარ სურდა CIA-ს კოვიდის წარმოშობის შესახებ დისკუსიაში პასიური როლი შეესრულებინა. მისივე თქმით, ვირუსი უდიდესი ალბათობით, სწორედ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გავრცელდა.
ცნობისთვის, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენო (CIA) წლების განმავლობაში ამბობდა, რომ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა იმის შესახებ, კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში არსებული ბაზრიდან ბუნებრივად გავრცელდა თუ კვლევითი ლაბორატორიიდან შემთხვევით გაჟონვის შედეგად.