სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და კერძო პირები „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაასაჩივრებენ.
აღნიშნული სარჩელის შესახებ ბრიფინგზე, ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა:
„რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.
მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა. შ.“, – განაცხად ნონა ქურდოვანიძემ.
მისივე თქმით, მომჩივნები ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების დარღვევებზე იდავებენ.
„დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
სამწუხაროა, რომ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც ყველა ამ ცივილიზაციური არჩევანის დაცვას სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, სწორედ სახელისუფლებო ორგანოები არღვევენ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის მიუხედავად, ჩვენი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება და ის აუცილებლად დასრულდება წარმატებით. ეს კანონი აუცილებლად გაუქმდება. არა რუსულ კანონს, კი ევროკავშირს”. – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
ფოტო/ რადიო „თავისუფლება“