„ნია იმნაძის ტელეფონი გასუფთავებული იყო და ერთ მოწყობილობაზე შეერთების შემდეგ ბევრი რამ აღდგა (სრულად – ვერა). იქაც იყო გარკვეული ინფორმაცია, რითაც პროკურატურამ ბრალის წარდგენა შეძლო“ – ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ასევე გასუფთავებული იყო გიორგი მალანიასა და დანარჩენების ტელეფონებიც, თან ისეთ მაღალ დონეზე, როგორადაც არასრულწლოვანი თავად ვერ გაასუფთავებდა.
„მათ ყველაფერი მოიშორეს – ტანსაცმელი, კეპი, ფეხსაცმელები… ანუ მტკიცებულებები გააქრეს, თუმცა მასალები აღდგა. როცა ოჯახები გაჩხრიკეს, მაშინ დამონტაჟდა ფარული მოსასმენები სახლებში, ციხეებში, მანქანებში… მათ გაშიფვრას დრო ხომ უნდოდა? ჩანაწერები ფონოსკოპიურ ექსპერტიზას გადაეცა და ამასობაში 10 თვე გავიდა.
ნია იმნაძეს არც არავინ ედავება მკვლელობის დაკვეთას, წაქეზებას – კი, ის უბიძგებს, რომ პასუხი მოსთხოვონ გიგას, დანაშაულისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანი იცით, რა არის? ნია იმნაძემ იცის ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური წარსული და როცა კრიმინალური სულისკვეთების ადამიანთან არჩევ ამბავს და ეუბნები რაღაცას, ეს უკვე წაქეზებაა“, – აცხადებს ეკა კუპატაძე.
