ნიდერლანდებში სამართალდამცავებმა იპოვეს კოცოფენეშტის ოქროს მუზარადი – უძველესი არტეფაქტი, რომელიც რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ეროვნულ საგანძურად ითვლება. სპეციალისტები შიშობდნენ, რომ მუზარადი, მისი ქურდობის შემდეგ, შესაძლოა გადაედნოთ, რადგან მსგავსი ცნობადი ისტორიული ნივთის გაყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
კოცოფენეშტის მუზარადი ძვ. წ. V საუკუნით თარიღდება და რუმინული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოდ მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, მუზარადს ქვეყნისთვის განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს.
არტეფაქტი 2025 წლის იანვარში ნიდერლანდებში დროებითი გამოფენისთვის გადაიტანეს, თუმცა მალევე მუზეუმიდან გაქრა. მუზარადთან ერთად მოიპარეს სამი ოქროს სამაჯურიც. დაკარგული საგანძურის ძებნა წელიწად-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.

გამომძიებლებმა საბოლოოდ მუზარადი და სამი სამაჯურიდან ორი აღმოაჩინეს. დრეენტის მუზეუმის დირექტორის, რობერტ ვან ლანგის განცხადებით, უნიკალურ რელიკვიას მცირე დაზიანება – პატარა ჩაზნექილობა აღენიშნება, თუმცა მისი სრულფასოვანი რესტავრაცია შესაძლებელია.
მუზარადის დაბრუნება რუმინეთში მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა, რადგან იგი ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ფასეულ ექსპონატად მიიჩნევა.