„ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზაცია არის არასწორი, ღრმად არასწორი საქციელი. საერთოდ, გაუგებარია, რას ისახავს მიზნად. ძირითადად, ეს ხდება კეთილი განზრახვებით. ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს, გარდა [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებისა“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა და ზოგადი პოლიტიკური ვითარება შეაფასა.
სიტყვით გამოსვლისას გვარამიამ NDI-ის ბოლო კვლევის შედეგებზეც ისაუბრა. კერძოდ, ის კვლევის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელშიც მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ პარტიები მათ ინტერესს არ გამოხატავენ.
„ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზაცია არის არასწორი, ღრმად არასწორი საქციელი. საერთოდ, გაუგებარია, რას ისახავს მიზნად. ძირითადად, ეს ხდება კეთილი განზრახვებით. ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს, გარდა [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებისა.
თუ ჩვენ იმის იმედად ვაკეთებთ ამას, რომ ოპოზიცია გამოფხიზლდება და უკეთესად დაიწყებს მუშაობას, ასეთი ტიპის შეძახილებს შედეგი არ მოაქვს. ამას ძალიან დიდი წუხილით ვამბობ. მგონია, რომ დღეს ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია.
თუ ვინმე სუსტია, უნდა ვაღიაროთ, რომ ესაა საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიცია და ყველა დანარჩენი. საზოგადოება ასხივებს უღონობას, ფრუსტრაციას და გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს. ეს არასწორია. თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია.“– აღნიშნა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე.