“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ ახლა არა წუწუნის, არამედ ბრძოლის დროა.
ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ რეჟიმი მანამდე უნდა არყიონ, სანამ არ ჩამოინგრევა:
“რუსული გეგმა – საქართველო არ ჩამოყალიბდეს დასავლური ტიპის სახელმწიფოდ და დავრჩეთ საბჭოთა/რუსეთის ყაიდის სახელმწიფოდ – ბოლომდეა ამოქმედებული!
მხოლოდ ჩვენზე, ხალხზეა დამოკიდებული ევროპული მომავალი!
გელოდებით 14:00 ავლაბრის მეტროსთან!
ბრძოლის დროა და არა წუწუნის!
ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა!” – წერს მელია “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, გუშინ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომ 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე მათი აქციებით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.
მისივე განცხადებით, მას ესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება!
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
