„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სავარაუდოდ, დააკავეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ნიკა მელიას დაკავება ლისის ტბის ასახვევთან მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.
ამასთან, პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ და დეტალებს არკვევენ.
„ლისზე დააკავეს, პოდკასტის ჩასაწერად მიდიოდა, გადაცემის სახელია “ორ ცეცხლს შუა”. ფაქტობრივად ოფისთან. საპატრულო პოლიციამ გააჩერა ის იმყოფებოდა მხოლოდ დაცვასთან ერთად, რა დროსაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. მეუბნებიან, რომ 100-მდე იყვნენ. წაართვეს ყველას, მათ შორის დაცვის თანამშრომლებსაც ტელეფონები, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს. მელია ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის უფროსმა მირანდა ბაღათურიამ.
„ფორტუნა“ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.