ჩვენ ოფისს არ დავტოვებთ, მაინტერესებს, როგორ აპირებენ აქ შემოვარდნას. ნიკა მელიას მძევლად არ ავაყვანინებთ ამ ხელისუფლებას. – ამის შესახებ ”ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განაცხადა.
”მოვედი აქ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად და თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც მოვიდნენ აქ ჩემთან ერთად, დავაფიქსირო ის სოლიდარობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გვაქვს ნიკა მელიას მიმართ და გამოვხატოთ ჩვენი მისდამი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომელსაც თვითონ ნამდვილად გადაყვება და ძალიან გაამწვავებს ამით ქვეყანაში ვითარებას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა და ყველას მოვუწოდო – ახლა არის ვითარება, როდესაც არ შეიძლება ნეიტრალური იყო, ან უნდა იყო ”ქართული ოცნების” მხარეს, ან უნდა იყო ოპოზიციის მხარეს და აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე ან რომელიმე კონკრეტულ ლიდერზე. თუმცა, თავად ნიკას ფიგურა, რომელსაც ნამდვილად არანაირი შავი ლაქები არ აქვს წარსულში, კიდევ ერთხელ ყველას ძალიან გვმატებს ენთუზიაზმს, რომ ის უსამართლოდ არავის არ დავაჩაგვრინოთ”. – განმარტა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარლამენტმა მას სადეპუტატო იმუნიტეტი 17 თებერვალს შეუჩერა.
