ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა – მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესს ნიკა მელია არ დასწრებია.
“აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალოს მკაცრი აღვკეთის ღონისძიებით – პატიმრობით. ბრალდებულ ნიკანორ მელიას პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან”, – განაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩახნაშვილმა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. სწორედ ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით.
პროცესზე საქმის განხილვა თითქმის 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, თუ ნიკა მელიას დაიჭერენ, ამას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვება.
“სასამართლო არავის გავლენის ქვეშ არ არის” – განაცხადა ნიკა მელიას საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა და ადვოკატების მიერ დაყენებული შუამდგომლობა მის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს მოსამართლე უბრალოდ გაახმოვანებს მას.
შეგახსენებთ, 16 თებერვალს პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა, რის შემდეგაც პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების და მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. დაცვის მხარე კი ნიკა მელიასთვის ყველა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას მოითხოვდა.