არჩევნების შედეგების მიმართ ოპოზიციის ერთიან პროტესტსა და პარლამენტში შესვლაზე უარს მმართველი გუნდი “ნაციონალური მოძრაობის” სცენარს უწოდებს.
“ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ გეგმა არჩევნებამდე გაცილებით ადრე არსებობდა და ამის შესახებ მმართველი გუნდი ბევრს საუბრობდა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი თვლის, რომ შედარებით პატარა და ახალი პარტიები, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკურ ტყვეობაში არიან.
“შედარებით პატარა და ახალგაზრდა პარტიები არიან “ნაციონალური მოძრაობის” ტყვეობაში. არ ვიცი ნაციონალურ მოძრაობას კომპრომატები აქვს თუ არა, ან ვის რითი აშანტაჟებენ, მაგრამ არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თუ იტყვიან რომ შედიან პარლამენტში, მათ მაშინვე მიაკრავენ იარლიყს, რომ ვიღაცას გაურიგდნენ.
ნიკანორ მელიას და დიმა შაშკინის გადასაწყვეტი ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება და ხელისუფლებასთანაც არავინ მიუშვებს მათ“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა გადაცემა “რეალურ დროში”.
„ქართული ოცნების” წევრი ამბობს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების განხილვა გამორიცხულია.