„ნიკას ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზაა დანიშნული, თუმცა, ნიკა არსებითად უარყოფს, რომ მას რამე ნივთიერება გააჩნდა“ – ამის შესახებ ორი დღის წინ დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას ადვოკატმა, ნინა ლომინაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ადვოკატის განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნამდე, მუხლის ნაწილი უცნობია, რაც სასჯელის ნაწილს განსაზღვრავს.
ნინა ლომინაძის განცხადებით, ნიკა კაციას ბრალს დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს:
„ნიკა დაჭერილია. სავარაუდოდ ცემეს…ვარკვევ და ვისაც რა შეგიძლიათ დამეხმარეთ გთხოვთ!“ – მაგდა ვასაძე
„ნიკა დაჭერილია. სავარაუდოდ ცემეს…ვარკვევ და ვისაც რა შეგიძლიათ დამეხმარეთ გთხოვთ!“ – მაგდა ვასაძე
„ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, ნიკას ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზაა დანიშნული, თუმცა, ნიკა არსებითად უარყოფს, რომ მას რამე ნივთიერება გააჩნდა. მას გადაცემული არ ჰქონდა პირადი ჩხრეკის ოქმი, იზოლატორში რომ შევედი, ისიც კი არ იცოდა, თუ რას ედავებოდნენ და რატომ იყო დაკავებული, შესაბამისად, მისთვის არანაირი უფლებები არ განუმარტავთ, ჩხრეკის ოქმის ასლიც არ ჰქონდა გადაცემული. გუშინ საღამოს გავიგე, რომ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. როგორც გამომძიებელმა მითხრა, ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, ჯერჯერობით არ იციან, რა ნივთიერებაზე და რა რაოდენობაზეა საუბარი. ნიკასთან კონსულტაციის შემდეგ, რა ფაქტობრივი გარემოებებიც მომიყვა, თუ როგორ განხორციელდა მისი ჩხრეკა და ამოღება, მეც ეჭვი მეპარება, რომ მას რამე ჰქონოდა. გამოძიება 260-ე მუხლითაა დაწყებული, თუმცა ნაწილი არ ვიცით, რადგან ექსპერტიზის დასკვნა არ არის“, – განაცხადა ლომინაძემ.
ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ლომინაძის თქმით, კაციას პირადი ჩხრეკა ქუჩაში ჩაუტარდა, მას დაკავებულმა განუმარტა, რომ პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა, ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.
ლომინაძის განმარტებით, ნიკა კაცია იმ დღეს აქციაზე უნდა წასულიყო. მას ჟურნალისტმა დაკავების შემდეგ უთხრა, რომ სამართალდამცავები გზაში არა ნარკოტიკებზე, არამედ იმაზე ესაუბრებოდნენ, რომ „ის აქციებზე დადიოდა“.