LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო ლეკიშვილი: „ახლა ყველაფერი „ფეისბუქმა“ ჩაანაცვლა, ჩემს ახალგაზრდობაში კი, მეგობრები ვიკრიბებოდით, ერთმანეთს ვსტუმრობდით, ყოველთვის მხარში ვედექით და ვეხმარებოდით…“

251
ნიკო ლეკიშვილი

28 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ნიკო ლეკიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ძველ თბილისი გაიხსენა, მის თვითმყოფად, კოლორიტულ გარემოზე ისაუბრა:

ბატონო ნიკო, თქვენი აზრით, რით განსხვავდება თანამედროვე თბილისი თქვენი ახალგაზრდობის ქალაქისგან?

ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და პირველ რიგში, ქალაქის იერი. მართალია, ძველმა თბილისმა შეინარჩუნა თავისი კოლორიტი, მაგრამ თანამედროვე ნაგებობებმა მაინც სერიოზული ზიანი მიაყენეს ქალაქს, რომელმაც თავისი ხიბლი და თვითმყოფადობა დაკარგა. ვფიქრობ, ზოგადად ცხოვრება შეიცვალა, ურთიერთობები გახდა ძალიან სხვა. ახლა ყველაფერი „ფეისბუქმა“ ჩაანაცვლა, ჩემს ახალგაზრდობაში კი, მეგობრები ვიკრიბებოდით, ერთმანეთს ვსტუმრობდით, ყოველთვის მხარში ვედექით და ვეხმარებოდით. მეტი სითბო და ერთმანეთის გატანა იყო, დაუწერელი თბილისური კანონები არსებობდა, რომელთაც ყველა ვითვალისწინებდით.

სამწუხაროდ, ყველაზე მეტად ადამიანებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა, გაქრა გულწრფელი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა. თბილისი მართლაც გამორჩეული ქალაქი იყო, რომელიც არცერთ სხვა ქალაქს არ ჰგავდა. ალბათ ბევრმა არ იცის, როგორ შეიქმნა ე.წ. „ბირჟა“ – სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულებს საკუთარი ადგილი სჭირდებოდათ, სადაც შეიკრიბებოდნენ და ერთმანეთს მოიკითხავდნენ. მაგალითად, კინოს სახლის უკან ჭიათურელების ბირჟა იყო, მათთან ახლოს ზესტაფონელები იკრიბებოდნენ, ლაღიძის წყლებთან კი, მთავარი – მთაწმინდელების „ბირჟა“ იყო. ასევე დაიყო პლეხანოვი და სხვა უბნები.

ხშირად მეკითხებიან, ვჩხუბობდი თუ არაც ახალგაზრდობაში, რა თქმა უნდა, კამათიც ხშირად მოგვდიოდა და ჩხუბიც, მაგრამ სერიოზულ დაპირისპირებაში ჩვენი კონფლიქტი არასდროს გადადიოდა. ჩემთვის „ბირჟა“ ახალი ამბების ადგილი იყო, სწორედ იქ გავიგე ხრუშჩოვის გადაყენების ამბავი, სახლში მისულმა კი, მამას ვუთხარი, რომელმაც მკაცრად მითხრა გავჩუმებულიყავი და მსგავსი ჭორი არსად მეთქვა. მართალია, ქუჩას თავისი ხიბლი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მაინც ერთმანეთის სახლში, ოჯახებში უფრო მოგვწონდა შეკრება. რა თქმა უნდა, ძველი თბილისი უფრო მიყვარს, რადგან მაშინ მეც ახალგაზრდა ვიყავი და ჩემი ახლობლებიც ცოცხლები იყვნენ. v

ვრცლად…

„სიმღერა მე-10 კლასში დავწერე, როცა პირველი სიყვარულის სიტკბო ვიგემე” – ნიკო ლეკიშვილი სიმღერის პრემიერით „არტ-FM“-ში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები