ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატის, ელგუჯა ავსაჯანიშვილის შეფასებით, პატიმრის იზოლაცია მიზნად ისახავს მის დასჯას.
„ჯავახიშვილი წერილში თავადაც ამბობს, რადგან სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, 20 წლის ბიჭი საკანში მარტო გადაიყვანეს, ჩაკეტილი ჰყავთ, იზოლირებულია, არც ტელევიზორი და არც სხვა რამე ბენეფიტი აქვს. სამარტოო საკანში გადაყვანა დამსჯელობითი მიზნით გადაყვანას უტოლდება.
როგორ ფიქრობთ, გლდანის ციხეში ვინმე ვინმეს რამეს განუმარტავს? ბიჭმა შიმშილობა გამოაცხადა და მარტო ჩასვეს, როცა იმავე ციხეში სხვა მოშიმშილეებიც არიან და შეეძლოთ, თუ მოშიმშილეების იზოლირებას ახდენდნენ, ერთად ჩაესვათ, რევაზ კიკნაძეც შიმშილობს. შესაბამისად, ეს განზრახ არის გაკეთებული, რომ ზეწოლა მოახდინონ, შენ თუ ასე მოიქცევი, ჩაგსვამთ თეთრ კედლებში მარტო და გაგაგიჟებთო“,- აცხადებს ავსაჯანიშვილი.
ადვოკატის თქმით, ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც რთულია, ხოლო შიმშილობის გაგრძელება შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერილში წერს: „მე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელსაც არაფერი დამიშავებია, ვიმყოფები 27-ე საკანში მარტო, სადაც არანაირი პირობები არ არის. მსჯიან იმის გამო, რომ ვშიმშილობ მე-3 დღეა“,- აღნიშნულია ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილში.