მომღერალი ნინა სუბლატი „მარაოზე“ გადაცემა „სელფის“ სტუმარი გახლდათ. საკუთარ პირად ცხოვრებაზე, კარიერაზე და შეხედულებებზე ისაუბრა. გაიხსენა „ევროვიზიის“ პერიოდი, რომელიც, როგორც ჩანს, მისთვის არც ისე ადვილი იყო. მომღერლის მოსაზრებით, კულტურის სამინისტრომ ამ კონკურსში უფრო მეტი თანხა უნდა ჩადოს. ნინამ ასევე აღნიშნა, რომ რესტორანში სიმღერაზე უარს ამბობს, რადგან სურს, მუსიკის ნაწილი იყოს, „მე იქ ვარ, სადაც მუსიკაა და არც ერთი ქათმის ბარკალი“, ამბობს მომღერალი.
ნინას ინტერვიუებში დიდად არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, ამიტომ მისი თაყვანისმცემლებისთვის საინტერესო იყო მისი სიყვარულის ამბის მოსმენა – „გიორგი „საქართველოს ვარსკვლავის“ დროს გავიცანი. ჩვენი ურთიერთობა პროექტის დასრულებიდან მეორე დღეს დაიწყო, როცა გიორგიმ მომწერა, მეც მივწერე, კინოში წავედით და უცბად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. სიყვარული შეჩვევაა. ნებისმიერ რაღაცას, თუნდაც ნივთს ეჩვევი, ალბათ, ადამიანზეც ასეა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში რაღაცები ნელდება, იცვლება, მაგრამ იმ ადამიანთან ერთად მაინც დარჩე, რადგან ერთი ხდებით. გიორგი ძალიან მიყვარს, ჩვენ ერთი ადამიანი ვართ, მისთვისაც და ჩემთვისაც რთულია სხვადასხვა ადგილას ყოფნა და სხვადასხვა რაღაცის კეთება, სულ ერთად გვინდა ყოფნა“ – აღნიშნავს ნინა.
გადაცემაში მას ასევე ჰკითხეს საოცნებო ქვეყნის შესახებ და ნინამ თქვა, რომ ასეთი იქნებოდა ამერიკისა და შვეიცარიის სინთეზი, ერთდროულად ბევრი ხალხი და სიმშვიდე. რაც შეეხება საქართველოს, „საქართველო არაფრით არ არის გამორჩეული, ჩვეულებრივი ქვეყანაა, როგორიც ნებისმიერი სხვა, თუნდაც ათასჯერ ჩვენზე განვითარებული. არ ვიცი, რატომ, მაგრამ აქ, რასაც უნდა აკეთებდეს და სადაც არ უნდა იყოს, ყველას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. თვითონაც არ იციან, რატომ, ღვინის გამო თუ იმიტომ, რომ კონკრეტულ საქმიანობაში ვართ ისეთი წარმატებულები, რომ ვერავინ გვეწევა. არსებობს მასა, რომელსაც არ უნდა, განვვითარდეთ, რადგან თანამედროვე ცივილიზაციაში თავად იქნება გამოუსადეგარი.
ყველაზე მეტად მაღიზიანებს გამოგონილი რელიგია, რომელიც რატომღაც გახდა ქრისტიანობა ბევრისთვის. არ არის ქრისტიანობა ის რელიგია, რომ ვიღაც მოკლა, ან იჩხუბო ან გახდე პროტესტანტი ცუდი კუთხით“ – მიიჩნევს ნინა.