LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბურჯანაძე: “დღეს გამომიგზავნეს 2003 წლის ვიდეო, სიამაყით ამევსო გული, როგორ მოვახერხე სრულიად ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, ჩამოგდებული პრეზიდენტის მიმართ, ასეთი კორექტული ფორმულირებით რომ გამოვაცხადე”

775
BeFunky-collage (46)

ვარდების რევოლუციიდან 18 წელი გავიდა.

2003 წლის, 23 ნოემბერს, სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტის დარბაზი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაიკავეს და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს. შევარდნაძე გადადგა, რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

აღნიშნულ თარიღთან და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა.

პირველ რიგში დავიწყოთ დღევანდელი თარიღით, ვარდების რევოლუციის 18 წელი გავიდა. ყველას კარგად გვახსოვს, თქვენ მთავარი ფიგურა ხართ აღნიშნული მოვლენების, თქვენ მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყავით ქალბატონო ნინო, როგორ აფასებთ დღევანდელი გადმოსახედიდან ვარდების რევოლუციის მონაპოვარს?

დღეს ვიხილეთ მესამე პრეზიდენტის მიმართვა ის ფიცს დებს და აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას, როგორ აფასებთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართვას და უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან, რა ეტაპზეა ახლა ჩვენი ქვეყანა ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე?

„მე ყოველთვის მქონდა ეს პოზიცია და დღესაც ეს პოზიცია მაქვს, რომ ეს იყო უდიდესი მოვლენა, ძალიან პოზიტიური მოვლენა ქვეყნის ისტორიაში.

მოვლენა, რომელიც განაპირობა იმან, რომ ხელისუფლება დაყრუვდა და დაბრმავდა საკუთარი ხალხის მოთხოვნების მიმართ და მოვლენა, რომელმაც საქართველოს გაუხსნა უზარმაზარი კარიბჭე უკეთესი მომავლისაკენ.

რა თქმა უნდა, ყველა ის ამოცანა, ყველა ის დაპირება, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ იყო, სამწუხაროდ, შესრულებული ვერ იქნა, თუმცა ძალიან ბევრი პოზიტიური მიმართულებით განვითარდა ქვეყანა.

და ქვეყანა 2003 წლამდე და 2003 წლის შემდეგ აბსოლუტურად სხვადასხვა რეალობაში იყო.

დღევანდელი გადმოსახედიდან, წუხილით უნდა ვთქვა ის, რომ ძალიან ბევრი ის პრობლემა, რომელიც ვარდების რევოლუციამდე იყო დღესაც აქტუალურია ქვეყანაში.

გნებავთ კორუფცია, გნებავთ სასამართლოს არ არსებობა, გნებავთ, ის რომ ქვეყანა ჭაობშია პრაქტიკულად და ერთპიროვნულად იმართება, ამიტომ ცხადია, რომ დღეს კიდევ უფრო მეტად, ვიდრე 2003 წელს, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქვეყანას ახალი მომავლისათვის კარი გავუღოთ და ეს ვერ მოხდება, სანამ ეს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოშორდება ხელისუფლებას.

ქალბატონო ნინო, ბუნებრივია აქტუალურ თემად რჩება მესამე პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები.

თქვენ როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომელშიც, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ახლა უკვე გორის ჰოსპიტალში მყოფი სააკაშვილი თამაშობს?

ვითარებას, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა, მხედველობაში მაქვს სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების შიმშილობა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა-არგადაყვანასთან დაკავშირებული თემები?

„ის რაც გააკეთა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არის იმ ამაზრზენი ქმედებების დაგვირგვინება, რომელსაც ის ახორციელებდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, გნებავთ 20 ივნისი, გნებავთ 5 ივლისი, გნებავთ ერთი არჩევნების გაყალბება, მეორე არჩევნების გაყალბება, მთელი მსოფლიოს გადაგდება, როცა პროპორციული სისტემა ჩააგდეს.

მაგრამ ამ ყველაფრის ნეგატიური გვირგვინი ნამდვილად იყო ის, თუ როგორ ექცეოდა, სააკაშვილს ქართული ოცნება.

საქმე იმაშია, რომ სააკაშვილი არ არის არც სამართლიანობისთვის ციხეში, არც რაიმე იმ დანაშაულისთვის, რაზეც ახლა “ქართული ოცნება” ლაპარაკობს, იმიტომ, რომ როცა ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ თუ პოლიტიკიდან წავიდოდა მას არავინ არაფერს არ მიუსჯიდაო, ეს ავტომატურად ლაპარაკობს იმაზე, რომ სააკაშვილისადმი სამართლიანობის აღდგენა კი არ უნდა “ქართულ ოცნებას”, არამედ მისი პოლიტიკური აქტივობისთვის სჯის და ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი.

მე დღეს გამახსენეს, გამომიგზავნეს ჩემმა ახლობლებმა ვიდეო, 2003 წლის, როდესაც მე ჩემს თავზე ავიღე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება, გულწრფელად გეტყვით, რომ სიამაყით ამევსო გული, როგორ მოვახერხე მაშინ, სრულიად ახალგაზრდა ადამიანმა, სრულიად ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, რომ ვარდების რევოლუციის შედეგად, გადაგდებული პრეზიდენტის მიმართ, ანუ ჩამოგდებული პრეზიდენტის მიმართ, ასეთი კორექტული ფორმულირებით გამოვაცხადე. მე არ მითქვამს, რომ პრეზიდენტი ჩამოვაგდეთ, გავაგდეთ, რომ ის ასეთი იყო, ისეთი იყო, არ მითქვამს, რომ ის არაქმედუნარიანია.

მე ვთქვი, რომ „პრეზიდენტის ქმედუნარიანობის საკითხის გადაწყვეტამდე ჩემს თავზე ვიღებ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას.“

34 წლის ასაკში რევოლუციის შემდეგაც კი ჩემთვის ნათელი იყო, რომ როგორი პრეტენზიაც არ უნდა გქონდეს შენ წინა პრეზიდენტის მიმართ, პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა სცე პატივი.

საქართველოში კი “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის ინსტიტუტი აბსოლუტურად ფეხქვეშ გათელა, როდესაც სააკაშვილს ექცეოდა ისე როგორც ექცეოდა.

კიდევ ერთხელ მინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, ვინც დღეს აღშფოთებული არ არის იმასთან დაკავშირებით, რასაც სააკაშვილს უკეთებენ, ეს არ არის ის, რომ ვიღაც რაღაცას სააკაშვილს უკეთებს, იმავეს გაგიკეთებენ ხვალ თქვენ, როგორც კი წინ აღუდგებით ბიძინა ივანიშვილის სურვილებს.

სააკაშვილს ამას უკეთებენ იმიტომ კი არა, რომ თვლიან დამნაშავეა და იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ როგორც თქვა ღარიბაშვილმა, მან პოლიტიკას არ დაანება თავი.

ასე, რომ თქვენც თუ რაღაცას გააკეთებს ისე, რაც ივანიშვილს, ღარიბაშვილს არ მოეწონებათ, ზუსტად ისევე გადაგივლიან, ზუსტად ისევე გათრევენ თმებით, ზუსტად ისევე გაშიმშილებენ და გაგწირავენ სასიკვდილოდ, როგორც ეს გაუკეთეს სააკაშვილს.

ამიტომ ქვეყანა, სადაც რევანში და შურისძიება ბატონობს, პირადი ინტერესები კაცის, რომელიც ქვეყანაში რომ უმძიმესი კრიზისია და ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლე მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმით არის დღეში 7 საათი დაკავებული, რომ თავისი 400 მილიონი დაიბრუნოს და კიდევ რა სიტყვებით მოიხსენებს ადამიანს, რომელიც 2-ჯერ დანიშნა პრემიერ-მინისტრად საქართველოში, აი ასეთი ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ ჩვენს თავმოყვარეობას არ მოვუხმობთ და ამ ხელისუფლებას მართლა არ განვდევნით პოლიტიკური და კონსტიტუციური გზებით ხელისუფლებიდან,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g