LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ისაუბრა

98
50581418_2673221776051157_6557421866984669184_o

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოში საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელების და მასთან გამკლავების გზებზე ისაუბრა.

ნინო გოგუაძის თქმით, დეზინფორმაცია მხოლოდ შიშს უიმედობას და დესტაბილიზაციას იწვევს. ამ კუთხით, პარლამენტარმა მაგალითად, რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მოიყვანა.

„დეზინფორმაცია და პროპაგანდა დემოკრატიული საზოგადოებების წინააღმდეგ მიმართული იარაღია. ამაზე ვწუხვართ როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში, შვედეთში, პოლონეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება ეძებს გზებს, როგორ გაუმკლავდეს დეზინფორმაციის იმ ნიაღვარს, რომელიც საზოგადოებაში მხოლოდ შიშის, უიმედობის, დესტაბილიზაციის გამომწვევია. რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მაგალითია, როგორ ახდენს აზრის მანიპულირებას რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ნინო გოგუაძის განცხადებით, ეს ლაბორატორია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით თბილისში აშენდა, წარმოადგენს სამეცნიერო ცენტრს. რუსი ოფიციალური პირები მედიის საშულებით ამტკიცებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მეცნიერები ადამიანებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ და რომ ლაბორატორია, ადამიანთა ინფიცირებისა და განადგურების მიზნით ხელოვნურ ვირუსებს ქმნის.

„სინამდვილეში, ლუგარის ლაბორატორია არის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ეპიდემიურ და ბიოლოგიურ უსაფრთხოებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ რეგიონში. იგი აწარმოებს ლაბორატორიულ ზედამხედველობას ინფექციურ და არა ინფექციურ დაავადებებზე, მუშაობს როგორც დაავადებათა დროულ აღმოჩენაზე, ასევე, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებზე. ამ დეზინფორმაციის ერთადერთი მიზანია საზოგადოებაში შიშის დათესვა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, სკეპტიკური განწყობების გაღვივების ხელშეწყობა.

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების საშუალებები მუდმივად ვითარდება და ამიტომ, მოწყვლადმა ქვეყნებმა აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად ერთობლივად უნდა იმუშაონ,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ამ კონტექსტში ნინო გოგუაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად და მისი გავლენის შესამცირებალად თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის არსებობაა საჭირო. ვფიქრობ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ამ მიმართულებით. საქართველოს მთავრობის არაერთი უწყება, მათ შორის საგარეო და თავდაცვის სამინისტროები, სტრატეგიული კომუნიკაციის ფარგლებში ახორციელებენ საზოგადოების ინფორმირებას საზოგადოებაში განსაკუთრებულად მგრძნობიარე საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

ასევე, მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების პროგრამა, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს და დეზინფორმაციის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებამ ცნობიერების ამაღლების პროგრამას შეეხება,“ – განაცხადა გოგუაძემ.

ნინო გოგუაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული გამოწვევის წინაშე, მოწყვლადია ყველა ევროპული ქვეყანა.

„დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამკლავება და საფრთხეების შემცირება, ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისთვის საერთო საკითხია. მის მიმართ მოწყვლადია ყველა ევროპული ქვეყანა. მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დგას, არის ამ ფენომენიდან მომდინარე საფრთხეების გაცნობიერების და კოორდინირებული გადაწყვეტილებების ნაკლებობა. მისასალმებელია საპარლამენტო ასამბლეის ძალისხმევა ამ საერთო მიდგომების ძიებისთვის,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g