LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძე: „ბავშვებმა წამალი აუცილებლად უნდა მიიღონ, ეს არ არის ფუფუნება, ეს არ არის ახირება… მჯერა, რომ საზოგადოება და სახელმწიფო, რომელსაც სხვისი ტკივილის დანახვა შეუძლია, ყველაზე ძლიერია“

137
ნინო სურგულაძე დიუშენზე

საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების მიწოდების აუცილებლობას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა არა ფუფუნება, არამედ ამ დიაგნოზის მქონე 100 ბავშვის ყოველდღიური გადარჩენის შანსია. იგი ხაზს უსვამს, რომ მკურნალობის ალტერნატივის არსებობის პირობებში გულგრილობა დაუშვებელია.

მისი თქმით, ძლიერია ის საზოგადოება და სახელმწიფო, რომელსაც სხვისი ტკივილის დანახვა შეუძლია.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბავშვებმა წამალი აუცილებლად უნდა მიიღონ…

ეს არ არის ფუფუნება.

ეს არ არის ახირება.

ეს არის მათი ყოველდღიური ბრძოლა მოძრაობისთვის, სუნთქვისთვის, სიცოცხლის ხარისხისთვის… ბავშვობისთვის.

დიუშენის დიაგნოზი ძალიან მძიმე გზაა როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი ოჯახებისთვის. მაგრამ დღეს უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომელიც მათ მდგომარეობას ამსუბუქებს, აძლევს დროს, იმედს და ძალას.

და როცა იმედი არსებობს — გულგრილობის უფლება აღარ გვაქვს.

100 ბავშვი დღეს ელოდება არა სიბრალულს, არამედ შანსს.

შანსს, რომ უფრო დიდხანს ირბინონ, ჩაიხუტონ მშობლები, იოცნებონ, გაიზარდონ…

ხშირად ერთი ადამიანის დახმარება პატარა გვეჩვენება.

მაგრამ როდესაც ბევრი ადამიანი ერთ გულად ერთიანდება — სწორედ მაშინ ხდება სასწაული.

მჯერა სიკეთის.

მჯერა, რომ საზოგადოება და სახელმწიფო, რომელსაც სხვისი ტკივილის დანახვა შეუძლია, ყველაზე ძლიერია.

და მჯერა, რომ ამ ბავშვებს მარტო არ დავტოვებთ.❤️“, – წერს ნინო სურგულაძე.

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს შეხვდებიან.

შესაბამისი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა „ტვ პირველთან“ გააკეთა. მისი ინფორმაციით, შეხვედრა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g