LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის სარაგბო გუნდს, რომელსაც არცერთ ასაკობრივ გუნდში მოთამაშე არასდროს ჰყოლია, 4 წელში 130 ათასი ლარი გადაურიცხეს: TI

67
Untitled design

“სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სარაგბო ბაზის დასაფინანსებლად ააიპ “ტაო” შექმნეს, რომელსაც, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, 2016-2020 წლებში, ჯამში 1 171 861 ლარი გადაურიცხეს.” – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) ავრცელებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სპორტის განვითარება და ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუწყოს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას.

TI  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლონ შესაბამისი ტენდერები, ორგანიზაციების მიერ გაფორმებული პირდაპირი შესყიდვები და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედონ.

როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ფონდმა “ქართუმ” 2012-2013 წლებში მოაწყო ასპინძის სარაგბო ბაზა, რომელსაც ფლობს შპს “რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი R-15”. ამ შპს-ს ორივე დამფუძნებელი – ააიპ “რაგბის მხარდამჭერთა ლიგა” (20%) და ააიპ “ასოციაცია ატუ” (80%) პირდაპირ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთანაც და პარტია “ქართულ ოცნებასთან”:

“ამ ორგანიზაციებმა 2013-2020 წლებში 45 სახელმწიფო შესყიდვიდან 3 984 317 ლარი მიიღეს, მათმა დამფუძნებლებმა კი “ქართულ ოცნებას” და მის მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში 376 200 ლარი შესწირეს.

ასპინძის სარაგბო ბაზის ფინანსურ მხარდაჭერა მოგვიანებით სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებმა იკისრეს. მათ 2016 წელს ააიპ “სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი ტაო” დააფუძნეს და სარაგბო ბაზის საბიუჯეტო დაფინანსების სქემა შექმნეს. მუნიციპალიტეტებმა ამ ააიპ-ს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, 2016-2020 წლებში, ჯამში 1 171 861 ლარი გადაურიცხეს.” – ამბობენ ორგანიზაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2016 წელს ააიპ “სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი ტაოს” დაფუძნების ინიციატივით ასპინძის მაშინდელი მერი და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლევან ცაბაძე გამოვიდა. მას შემდეგ, თითქმის ყოველწლიურად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ააიპ-სთვის გამოყოფილი თანხა ათასობით ლარით იზრდება:

“ტაოს” ძირითადი გუნდი პირველ ლიგაში თამაშობს. მას ჰყავს ჭაბუკთა გუნდებიც. რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ნინოწმინდას არცერთ ასაკობრივ გუნდში მოთამაშე არასდროს ჰყოლია. მიუხედავად ამისა, ააიპ-ს 2016-2020 წლებში, 130 000 ლარი გადაურიცხა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ჭაბუკთა გუნდში 2018 და 2020 წელს თითო-თითო, 2019 წელს კი 2 მოთამაშე ჰყავდა, თუმცა ბიუჯეტიდან თანხას 2017 წლიდან რიცხავს და ჯამში “ტაოს” 190 000 ლარი გადაუხადა.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ შპს “რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R-15-სა” და ააიპ “სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ ტაოს” ტენდერები, ასევე, ამავე შპს-თან და ააიპ “ასოციაცია ატუსთან” მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ გაფორმებული პირდაპირი შესყიდვები და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედონ.