LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარიკო ხუციშვილი: „დედამ მართლა ბევრი რამ გააკეთა, იმ შავ-ბნელ პერიოდში გაგვიფერადა მე და ჩემს დას ბავშვობა… ბევრი მოიკლო“

35
ნოდარიკო-ხუციშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, ნოდარიკო ხუციშვილი, რომელმაც გადაცემაში კარიერაზე ისაუბრა.

ნოდარიკო ხუციშვილი:

მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე და 5 წლიდან ვმღერი, დედაჩემიც მუსიკალურია,  ბაბუაჩემი მუსიკოსი იყო, თუმცა სცენაზე არ მინდოდა გავსულიყავი. არასდროს მიფიქრია, რომ მუსიკა ჩემი პროფესია ყოფილიყო. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. პატარ-პატარა ბარებში სიმღერით დავიწყე. არადა, მუსიკალური განათლება არ მაქვს. არავის დაუძალებია, სადმე ჩამებარებინა.

რომელი იყო შენი ცხოვრების პირველი წარმატება?

პირველივე ნაბიჯი წარმატებული იყო, ეს იყო პროექტი „მხოლოდ ქართული“. ჩემი იქ გამოჩენა საზოგადოებისთვის ძალიან სენტიმენტალური აღმოჩნდა, რადგან  გიო უკვე აღარ იყო ცოცხალი. სანამ ეს პროექტი იქნებოდა, ერთი წლით ადრე ჩემს მეგობრებთან ერთად ბენდი გავაკეთე. შემდეგ პატარა ბარში კონცერტი გავმართეთ, რომელსაც გიოც დაესწრო, ის ძალიან ბედნიერი იყო. გიო ძალიან მეგობრული იყო, ერთმანეთს მუსიკას ხშირად ვუზიარებდით. პროექტში რომ გავედი, მახსოვს, სტატია დაწერეს, გიო ხუციშვილის უცნობი შვილიო, არადა, ბევრი მიცნობდა, თუმცა ამას ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია. ზუკა თავიდანვე ჩანდა ყველგან, მე – არა, ეს ბუნებრივია, მე ამის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება მქონდა და არაფრის დანაკლისს არ განვიცდიდი.

როგორც ვიცი, ექიმობა გინდოდა…

ეს ეპიზოდური მომენტი იყო. სამედიცინო კოლეჯშიც ვისწავლე, რომ შევეხე ამ პროფესიას, მივხვდი, რომ დიდ პასუხისმგებლობასთან მქონდა საქმე, ეს არის პროფესია, სადაც შეცდომები არ გეპატიება. ტურისტული საქმიანობა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. ნელ-ნელა დავიწყე პატარა ტურებით, ეს საქმიანობა ძალიან შემიყვარდა. არაჩვეულებრივი ქვეყანა გვაქვს. ასევე მინდა ვახსენო დედაჩემი, ცხადია ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დედის მიმართ, მაგრამ მან მართლა ბევრი რამ გააკეთა, იმ შავ-ბნელ პერიოდში გაგვიფერადა მე და ჩემს დას ბავშვობა. ბევრი მოიკლო, ამას ახლა უფრო და უფრო მეტად ვაცნობიერებ.

მრავალმხრივი ადამიანი ხარ, კიდევ ერთი პროფესია გაქვს, ეს არის წამყვანობა, რაღაც პერიოდი ეკრანებზე ჩანდი…

კომფორტულად ვგრძნობდი თავს ამ ამპლუაში, მავიწყდებოდა კამერების არსებობა, თუმცა ამ ფორმატში, ამ საქმიანობის გაგრძელებაზე არ მიფიქრია. მინდა ვთქვა, რომ ეს მარტივი საქმიანობა ნამდვილად არ არის.

რა გეგმები გაქვს?

ბევრი კონცერტია დაგეგმილი. ბენდმა ალბომზე მუშაობა დავიწყეთ და ზამთარში ხუთსიმღერიან ალბომს გამოვუშვებთ, მანამდე კი ახალ კომპოზიციებს გავუზიარებთ საზოგადოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები